თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს კლაუდია როთს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და ამ მიმართულებით გერმანიის პოზიციაზე.

„კლაუდია როთი არის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი და ეს პარტია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესების აქტიური მხარდამჭერია. ქალბატონმა ვიცე-სპიკერმა აქცენტი გააკეთა საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაზე განსაკუთრებით ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და მომავალშიც მხარდაჭერა აღვითქვა“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს. თამარ ხულორდავამ ისაუბრა საარჩევნო სისტემის დაგეგმილ ცვლილებაზე. საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების აუცილებლობას, რაზეც ქალბატონმა როთმა ქართველ კოლეგას გერმანიის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 11-12 ივლისს, დაგეგმილ ბათუმის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით - „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

„10 წელი გავიდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემუშავებიდან, ამიტომ წლევანდელი კონფერენცია დაეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში მიღწეული შედეგების შეჯამებას და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომავალ ნაბიჯებზე მსჯელობას, რომელიც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია წელს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიება იქნება, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმაღლეს დონეზე მონაწილეობა ცხადყოფს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა