საქართველოს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი ეწვევა

საქართველოს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (European Center for Disease prevention and Control – ECDC) დირექტორი ანდრეა ამონი ეწვევა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. ანდრეა ამონის ვიზიტი საქართველოში 10-11 ივლისს შედგება.

მათივე ინფორმაციით, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის სტრუქტურებში შექმნილ სააგენტოს, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმში და რომლის მიზანია ძალისხმევის გაძლიერება, ევროპაში ინფექციური დაავადებების გავრცელებასთან საბრძოლველად, ისეთი ინტერვენციების განხორციელებით, როგორიცაა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობა, რეაგირება, ეპიდემიებისადმი მზაობა, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევების მიცემა, ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს კადრების მომზადება, ჯანდაცვის საინფორმაციო საშუალებების გამოყენება და სხვ.

„ECDC 2005 წელს შეიქმნა და მისი პირველადი მანდატი ეპიდემიებსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისა და კონტროლის მექანიზმების ევროკავშირის მასშტაბით უკეთესი კოორდინაცია და მხარდაჭერა იყო, მაგრამ გამომდინარე ევროკავშირის გაფართოებული სამეზობლო პოლიტიკიდან (European Neighborhood Policy), ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის (EEA) ქვეყნების გარდა, მასში ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნებიც მონაწილეობენ, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე.

საქართველო აქტიურად თანაშრომლობს ECDC-სთან და ჩართულია სამ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაში:

ეპიდემიოლოგიური საინფორმაციო სისტემა საკვებითა და წყლით გადაცემადი დაავადებებისა და ზოონოზების თაობაზე (EPIS-FWD - Epidemic Intelligence Information System for Food- and Waterborne Diseases and Zoonoses)

საფრთხეების გამოვლენის პლატფორმა (Threat Detection Platform)

ევროპის ეპიდზედამხედველობის სისტემა (TESSE - The European Surveillance System)

ECDC-თან თანამშრომლობის კუთხით წლევანდელი წელი აღსანიშნავია იმითაც, რომ 2019 წლის განმავლობაში ECDC ახორციელებს საქართველოს გადამდები დაავადებების არსებული სისტემისა და მდგომარეობის შეფასებას.

10 ივლისს ანდრეა ამონის ვიზიტი დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც ის გაეცნობა ცენტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიღწევებსა და გამოწვევებს. მოისმენს ეროვნული ცენტრის მიმართულებების ხელმძღვანელების პრეზენტაციებს, მოინახულებს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში.

ვიზიტის დასრულებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს