ზურაბ მელიქიშვილი - ლარის პრობლემის მოხსნა პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან

"ლარის პრობლემის მოხსნა პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბრალია.

"ეროვნული ვალუტა კატასტროფული რყევების ქვეშაა. ლარი დღითიდღე უფასურდება და 76%-ით არის 2012 წელთან შედარებით გაუფასურებული. ამით უფასურდება თითოეული მოქალაქის შრომა. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ რეალურ მიზეზებს იკვლევდეს და ნაბიჯებს დგამდეს, დაკავებულია გადაბრალების პოლიტიკით, ისევე როგორც ბოლო 7 წლის განმავლობაში. მათთვის არ ილეოდა მიზეზები, რომ არ გადაებრალებინათ სხვა ფაქტორებისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. სინამდვილეში, მთავარი დამნაშავე ის არის და გადაბრალება აქციებზე უსუსური მცდელობაა, აიცილონ პასუხისმგებლობა. ყველას ახსოვს, საქართველოში აქციები მუდმივად იმართებოდა, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდშიც, თუმცა შეგიძლიათ იხილოთ, რა სტაბილური კურსი დატოვა წინა ხელისუფლებამ. სინამდვილეში ლარის გაუფასურება არა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, არამედ დღევანდელი კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ბრალია. ლარის მდგომარეობის მთავარი მიზეზია შემცირებული ინვესტიციები. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ყოველწლიურად მცირდება ინვესტიციები, ერთადერთი, 2017 წლის გარდა და ის ზრდაც "შაჰდენიზი 2"-ის მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული ოპერაციებით იყო დაფიქსირებული. 2018 წელს ბევრად მცირე ინვესტიცია იყო 2017-თან შედარებით და კვარტალური განხილვაც გვაჩვენებს, რომ 2019 წლის პირველი კვარტალიც 2018 წლის პორველ კვარტალთან შედარებით შემცირებულია. ანაკლიის პორტის თემაც პირდაპირ კავშირშია გაუფასურებასთან, სადაც 2 მილიარდის ინვესტიცია უნდა შემოსულიყო. და რატომ არ შემოდის ინვესტიცია? რადგან დღეს საქართველოს კორუმპირებული ხელისუფლება ჰყავს თავისი 92 მორჩილით პარლამენტში, რომელიც პირდაპირ ინაწილებს სფეროებს, კლავს კონკურენციას და არავის აქვს სურვილი, საქართველოში ჩადოს თანხა და რამენაირად მოხდეს გამყარება ეროვნული ვალუტის", - აღნიშნა მან.

მელიქიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებაც და აღნიშნა, რომ ბანკის მთავარი დანაშაული ძირითადი პრობლემის დამალვაა.

"რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მისი მთავარი დანაშაულია არა მხოლოდ არასწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკა, არამედ ის არის, რომ არ ამბობს სიმართლეს. მისი მოვალეობაა, გაუფასურების რეალური მიზეზი დადოს, თუმცა ამ რეალურ მიზეზში იკვეთება მთავარი დამნაშავე, საქართველოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ლარის პრობლემის მოხსნა პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მანვე წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები და განიხილა ლარის გაუფასურების დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში.

"ჩვენ გადავიტანეთ 2006 წლის ემბარგო, ომი, მუდმივი რყევები და გამოწვევები, ფინანსური კრიზისები. თუმცა მიუხედავად ამისა, ყოველთვის კეთდებოდა აქცენტი და გადაიდგმებოდა ნაბიჯები ინვესტიციების შემოსვლის მიმართულებით. ბოლო 7 წლის განმავლობაში მილიარდ 800 მილიონი დოლარიდან ინვესტიციები შემცირებულია მილიარდ 250 მილიონ დოლარამდე. 2010 წლის ფინანსური კრიზისის მერე ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და არაერთი პაკეტი ეკონომიკურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, არაერთი რეფორმის ნაბიჯი იყო შეთავაზებული ინვესტორებისთვის დასამტკიცებლად, რომ გვქონდა სტაბილური ბაზარი. კურსი 1.65-ზე იყო ჩამოსული, დაახლოებით 2013 წლის დასაწყისიდან კი დაიწყო ის საშინელება, რაც დაიწყო. მუდმივად გვიმტკიცებდნენ, რომ ინვესტიციები შემოდის საქართველოშიო. 2017 წელს დაფიქსირდა მილიარდ 894 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2018 წელს კი - მილიარდ 232 მილიონი დოლარის. მაშინდელი პორველი კვარტალის პერიოდში იყო 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია, წელს კი 281 მლნ დოლარის. აი, ეს ციფრებია, რასაც ახორციელებენ. სფეროებია გადანაწილებული კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე. არასტაბილურობის განცდაა შექმნილი და სპეციალურად აიაფებენ საქართველოს, რომ იაფად ჩაიგდონ ხელში. თვალების დათხრის პროტესტი კი არ აუფასურებს ლარს, თვალების დამთხრელი ხელისუფლება რომ გვყავს, ეს აუფასურებს ლარს", - განაცხადა მელიქიშვილმა.

ლარის პრობლემის მოხსნა პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს