დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის ქმედებები პოპულისტურია - ჩვენი წინადადებაა, მსგავსი აბსურდული ცილისმწამებლური განცხადებების უფლება შეეზღუდოთ

ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის ყველა ქმედება არის პოპულისტური, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ისინი ითხოვენ, რომ საბჭომ უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და კონკურსი თავიდან გამოაცხადოს.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უზენაესი საამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არანაირი ხარვეზი არ არის.

ამასთან, ის გამოეხმაურა არამოსამართლე წევრების იმ განცხადებას, რომლის თანახმად საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების შესახებ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.

„ისინი იმასაც აცხადებდნენ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაჭიანურებას დაიწყებდა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება და 12 ივლისს, 11:00 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის და სახალხო დამცველის მონაწილეობით იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს ამ პრობლემურ საკითხზე და გადავწყვეტთ საკითხს. არამოსამართლე წევრები ანალოგიურად საუბრობენ მოგონილ დარღვებებზე. მაგალითად, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობაზე, თუმცა ვისზეც არის საუბარი, თვითონ გააკეთებენ კომენტარს.

ზოგადად ვიტყვი პროცედურას - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რა თქმა უნდა, თავად შეუძლია განაცხადოს თვითაცილება, თუმცა თუ ის არ განახორციელებს თვითაცილებას, სხვა წევრებს და ზოგადად არავის აქვს უფლება ზემოქმედება მოახდინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე. უშუალოდ, კანდიდატებს შეუძლიათ გასაუბრების პროცესში განაცხადონ საბჭოს ამა თუ იმ წევრის აცილების შესახებ სათანადო დასაბუთებით. შემდგომ საბჭო უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, ააცილოს თუ არა პროცესიდან ესა თუ ის წევრი. აქ კანონმდებლის მიზანი არის ის, რომ თუ დაზარალდება ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობით, დაზარალდება კანდიდატი.

კანდიდატის შუამდგომლობის არარსებობისას ცალკეული პირების მიერ აბსურდული მოსაზრებების გაჟღერება და იუსტიციის საბჭოს წევრებზე ზემოქმედების მცდელობა, აბსოლუტურად დაუშვებელია. თუ იქნება კანდიდატებისგან შემოსული დასაბუთებული შუამდგომლობა, ჩვენ ვიმსჯელებთ და თუ მივიჩნევთ, რომ შერჩევის პროცედურაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით პრობლემა მართლაც არსებობს, აცილების გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ 10 ბიულეტენთან დაკავშირებით საეჭვო მსგავსებები იკვეთება და რომ შესაძლოა, კოლექტიურ შეთანხმებას ჰქონოდა ადგილი, გვრიტიშვილი პასუხობს, რომ მოსამართლეთა კენჭისყრის დროს კოლექტიურ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

მისი განმარტებით, ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს ფავორიტი კანდიდატი ჰყავდეს, გამორიცხულია, რადგანაც ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამასთან, გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ არამოსამართლე წევრებს, „აბსურდულ ბრალდებებზე" გარკვეული შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

„არაერთხელ მითქვამს საჯარო გამოსვლებში, რომ როდესაც საბჭოს მოსამართლე წევრებს მოგვეთხოვება ეთიკის მკაცრად დაცვა და როდესაც ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას ვახორციელებთ, მათ აბსურდულ ბრალდებას ვპასუხობთ, ისინი მიუთითებენ სამოსამართლო ეთიკაზე, რომ მე ამის უფლება არ მაქვს.

ჩვენი წინადადება ასეთია - მსგავსი აბსურდული ცილისმწამებლური განცხადებების უფლება შეეზღუდოთ. მათაც იგივე ეთიკური სტანდარტები დაუწესდეთ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს