სულხან სალაძე - თუ გამოძიება საუბრობს ამბოხზე, უნდა დაამტკიცოს მაქსიმალურად მოკლე დროში და პროცესი უსაშველოდ არ უნდა გაიწელოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისს ღამის მოვლენების დროს, ამბოხზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი, რთული სამტკიცებელი და დასასაბუთებელი იქნება გამოძიებისთვის. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება ამბოხს და მსგავსი ტიპის მოვლენებს, ცხადია, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული სამტკიცებელია. ძალიან ძნელი იქნება გამოძიებისთვის ამ ვერსიის დასაბუთება და თუ გამოძიება მხოლოდ გამოძიებისთვის დაიწყო, რაც ჩვენ აქამდე არაერთგზის გვინახავს და შემდგომში არ დგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ეს იქნება მორიგი დარტყმა ხელისუფლების იმიჯზე, რადგანაც, რეალურად ეს ისეთი მუხლია, რომლის მიხედვითაც გამოძიება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც არსებობს მყარი არგუმენტები და ყველა ამის წინაპირობა. წინასწარ რაიმეს შეფასება ძალიან რთული იქნება, თუმცა თუ შევხედავთ რეალურად რა ხდებოდა იმ დღეს, ის, რომ პროტესტი იყო სპონტანური და აბსოლუტურად გულწრფელი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. იქ იყო თუ არა რაიმე ჯგუფები, რომელთაც სურდათ ამ პროტესტით სარგებლობა და გარკვეული შედეგის მიღწევა, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუ გამოძიება საუბრობს ამ თემაზე, უნდა დაამტკიცოს მაქსიმალურად მოკლე დროში და პროცესი უსაშველოდ არ უნდა გაიწელოს“,- განაცხადა სულხან სალაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა 20-21 ივნისს ღამით ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრასა და მოლაპარაკებებზე.

„ჩვენ ვიცით, რომ არაერთი პოლიტიკოსი საუბრობდა იმაზე, რომ იმ ღამეს გამართულიყო მოლაპარაკება, ჩატარებულიყო შეხვედრა ბატონ გახარიასთან ოპოზიციის წამომადგენლების მონაწილეობით, თუმცა რამ შეუშალა ხელი ამ შეხვედრას, ეს ნამდვილად არ ვიცით. თუ ასეთი შეხვედრის გეგმა არსებობდა, თუ მითუმეტეს ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია მაშინ სახელმწიფო გადატრიალება, ამბოხი და მსგავსი ტიპის შეფასებები ცოტა არ იყოს უადგილოა, რადგანაც შეუძლებელია ერთი მხრივ მოლაპარაკებებზე იყოს საუბარი და იმაზე, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ხოლო მეორე მხრივ იმაზე, რომ ვინმე ამზადებდა ამბოხს და გადატრიალებას. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის მოვლენებით არის განპირობებული, რომ რთული სამტკიცებელია და არა ის, რომ ვიღაცას შეიძლებოდა ამის სურვილი არ ჰქონოდა“,- აღნიშნა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ამსახველი, დაახლოებით 10-წუთიანი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, რასაც გამოძიება მელიას ედავება.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს