ბათუმში კონფერენციის მონაწილეები დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტების განხორციელებაზე, ევროკავშირის ქვეყნებში სწავლისა და დასაქმების საკითხებზე იმსჯელებენ

ბათუმში კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გრძელდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, დღეს ოთხი სესია გაიმართება, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ ევროკავშირთან ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური დასაქმების საკითხებზე. მესამე სესიაზე, ასევე, განხილული იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების მაგალითი. დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი პანელიც.

„გუშინდელი საკმაოდ დატვირთული პანელების შემდეგ, დღეს არანაკლებ შინაარსიანი პანელები გველოდება. კონფერენციის მეორე დღეს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაცია, მობილურობა, რეგიონული ელემენტიც იქნება წარმოდგენილი და რასაკვირველია, იქნება შემაჯამებელი პანელიც. პირველ პანელზე წარმოდგენილი იქნება ტრანსევროპული ინფრასტრუქტურული ქსელის შექმნა და აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება. ეს მოიცავს გზების, ინფრასტრუქტურის, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების ინვესტირებას. ეს არის ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელდება. ჯამში ამ პროექტისთვის გათვალისწინებულია 13 მილიარდი ევროს ინვესტირება, საიდანაც საქართველოს მნიშვნელოვანი წილი - 3 მილიარდი ევრო - უჭირავს. დღეს სწორედ საუბარი იქნება ამ პროექტის განხორციელებაზე. მეორე პანელი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს თავისუფალი გადაადგილების, სწავლის, ევროკავშირში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. შემდეგი პანელი იქნება რეგიონული ელემენტის მატარებელი. ეს გახლავთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების მაგალითი და ისტორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოხდება შედარება და პარალელების გავლება. ბოლოს კი იქნება შემაჯამებელი პანელი, სადაც ყველა მოდერატორი შეიკრიბება და კონფერენციის მუშაობის შეჯამებას გააკეთებენ,“ - განაცხადა კონსტანტინიდმა.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში 11-12 ივლისს იმართება. კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან: ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა