დავით წიკლაური - საკმარისი ფასიანი ქაღალდი არსებობს, რომლის შეძენაც პირველ წელს არის შესაძლებელი

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური აცხადებს, რომ კანონით სამი პორტფელია გათვალისწინებული: დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალი.

მისივე თქმით, ასევე, დადგენილია გარკვეული ზღვრები, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო თანხების ინვესტიციისას. კანონის თანახმად, პირველი ხუთი წელი საინვესტიციო თანხების უმეტესობა დაბალრისკიან პორტფელში უნდა განთავსდეს. საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ამბობს, რომ ამ დროისათვის საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი კანონის შეზღუდვებზე დაფუძნებული კონკრეტული პროცედურები და ლიმიტები, იგულისხმება რეიტინგის ლიმიტები, რისკის ლიმიტები, და ა.შ.

„საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია. ეს მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ლარში ემიტირებულ ქაღალდს. ამ ათი მილიარდიდან დაახლოებით სამი მილიარდია სახაზინო ვალდებულებები. რა თქმა უნდა არის სხვა ქაღალდიც, მაგ. ბანკების მიერ ემიტირებული ქაღალდი, არის ქართული კომპანიების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდი და არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ლარში დენომინირებული ბონდებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსები სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში. რაც შეეხება ბაზარს - 10 მილიარდი ლარი უკვე არსებული ბაზარია და ეს არსებული ბაზარიც იზრდება, ბაზრის თითოეული კომპონენტიც იზრდება“, - განმარტავს დავით წიკლაური.

წიკლაური ამბობს, რომ საინვესტიციო თანხებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განკარგავს, მისი მთავარი ამოცანა კი მაქსიმალური რეალური ამონაგების მიღება იქნება დადგენილი რისკის ჩარჩოებში.

„თუ შევხედავთ საბაზრო განაკვეთებს, დაბალ რისკიან ქაღალდშიც საკმაოდ მაღალი რეალური განაკვეთებია. მარტივად რომ ვთქვათ, ორ წლიანი სადეპოზიტო სერთიფიკატი დაახლოებით 8.5-დან 10 პროცენტამდე მერყეობს, მაშინ როცა ინფლაციის დონე არის 3 პროცენტის ფარგლებში“, - განაცხადა წიკლაურმა.

საინვესტიციო საბჭოს წევრი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ კაპიტალის ბაზარს სჭირდება მეტი საცალო თუ ინსტიტუციონალური ინვესტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა