ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარია არის ღუზა ბიძინა ივანიშვილის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს

გიორგი გახარია არის ღუზა ბიძინა ივანიშვილის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუში ბევრი რამ მოიტყუა.

„მისი არც ერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა. უბრალოდ, სტუდიაში ჟურნალისტთან იჯდა შეურაცხადი, არაადეკვატური ადამიანი, რომელიც იმის საპირისპიროს საუბრობდა, რაც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. როცა ქვეყნის პირველი პოლიციელი პოლიციის კორდონის თანხლებით იპარება უკანა კარიდან და ვერ ესაუბრება საზოგადოებას, საზოგადოებას უფრთხის, ამაზე დიდი სასჯელი, სირცხვილი ქვეყნის პირველი პოლიციელისთვის, რომელმაც წესით, ყველა ადამიანის უფლება უნდა დაიცვას, არ არსებობს. რეალურად, თავისი განცხადებებით, გარდა ტყუილებისა, თითქოს, აქეთ გადამოდიოდა შეტევაზე, რასაც არავინ დაიჯერებს. ფაქტი სახეზეა, ეს ადამიანი არის ღუზა ბიძინა ივანიშვილის კისერზე, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კისერზე, რომელიც მას ფსკერისკენ მიათრევს.

რეალურად, ყოველი დღე, როცა ეს ადამიანი არის შინაგან საქმეთა მინისტრი, იქნება ამ რეჟიმისთვის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე წინა დღე. მისი გადაყენება აუცილებლად მოხდება, აუცილებლად გაუშვებს ივანიშვილი. ახლა შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის, მაგრამ არაფერი გადაივლის. ადამიანმა, რომელმაც თვალები დათხარა და დაასახიჩრა ახალგაზრდები, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს დეკანოიძე.

მან ასევე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისთვის ბოკერია, ხოშტარია და ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფებია. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პროპუტინისტურ ჯგუფებს ხელისუფლება, მათ შორის, გახარია იყენებს.

„ეს ფაშისტური, ძალადობრივი, პროპუტინისტური ჯგუფები, რომელმაც სცადეს 2 დღის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება, ასევე იმყოფებოდნენ „რუსთავი2“-ის წინ, ისინი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად მობილიზებული ადამიანები არიან, რომელთაც ხელისუფლება ეყრდნობა. მთელ ამ პროპუტინისტურ ჯგუფებს ხელისუფლება, მათ შორის, გახარია იყენებს იმისთვის, რომ დაუპირისპიროს მშვიდობიან აქციას, რომელიც 23-ე დღეა მის წასვლას ითხოვს. გვახსოვს, როცა ვასაძე კომბლების რევოლუციით, პოლიციის კორდონის გარღვევით, ძალადობით იმუქრებოდა, დადიოდნენ ქუჩებში და სცემდნენ ადამიანებს, პოლიციის რეაგირება ნული იყო, რადგან გახარიას რეაგირება იყო ნული. ის სარგებლობს და იყენებს ამ ძალადობრივ ჯგუფებს. ნებისმიერი განცხადება, რაც არ უნდა თქვას გახარიამ, რასაკვირველია, მის საპირისპიროდ იმუშავებს. ეს საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რა მოხდა გავრილოვის ღამეს. ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება, რომ ესროლათ მშვიდობიანი ადამიანებისთვის, ადამიანი, რომელიც დღემდე ვერ ხედავს ვერაფერს გარდა საკუთარი სავარძლისა და ბიძინა ივანიშვილისა, ეს ადამიანი უნდა წავიდეს და პასუხი აგოს“, - აცხადებს დეკანოიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა