ნაზი ჯანეზაშვილი - უკვე მეორე სხდომაა, იუსტიციის საბჭო იხილავს, გასცემს თუ არა საჯარო ინფორმაციას - ეს დროის გაჭიანურების მცდელობაა

უკვე მეორე სხდომაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხილავს, გასცემს თუ არა საჯარო ინფორმაციას - ეს დროის გაჭიანურების მცდელობაა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია განზრახ იმალება.

„დაახლოებით თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმისთვის, რომ მიეღოთ შესაბამისი საჯარო ინფორმაცია, თუმცა საბჭომ უთხრა უარი. მეორედ მომართვის შემთხვევაშიც საბჭოს აპარატმა, ვინაიდან მიქაუტაძის თანხმობა არ იყო, კიდევ ერთხელ უთხრა უარი. უკვე მეორე სხდომაა, საბჭო იხილავს, გასცემს თუ არა საჯარო ინფორმაციას. ეს არის დროის გაჭიანურების მცდელობა და გამოუვიდათ, რადგან თითქმის თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია უნდა გაეცათ. დროის გაწელვა აწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რადგან თვითონ კონკურსანტია, ასევე იმ „კლანს“, რომელსაც უნდა, თავისი ხალხი გაიყვანოს, ვინაიდან კარს მოგვადგა უკვე გასაუბრება, რამდენიმე დღეში ჩვენ ვიწყებთ კანდიდატურების მოსმენას და ეს ინფორმაცია, რაც უფრო გადის დრო, მეტად კარგავს ფასს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს, როდესაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს იუსტიციის საბჭოს, მაშინ გაეცა ეს ინფორმაცია. თუმცა მაინც დაველოდოთ, დღეს თუ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლაც რომ მიიღოს, კანონი უკვე დაარღვია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ეს დაგვიანებულიც არის, რადგან რამდენიმე დღეში ვიწყებთ გასაუბრებებს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ ინფორმაციას შეეხება საქმე და რატომ სურს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის არ გასაჯაროვდეს.

„საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც შემოიტანეს კანდიდატურებმა - განაცხადი, თანდართული დოკუმენტები, სამოტივაციო წერილები და ა.შ. აქ საუბარი არ არის იმ შეგროვებულ ინფორმაციაზე, რომელსაც აპარატი ამზადებს საბჭოს წევრებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იმას, რაც შემოიტანეს განმცხადებლებმა. საბჭო კი მალავს იმიტომ, რომ როგორც იცით, მიქაუტაძეს აქვს ხარვეზით შევსებული განაცხადი და ეს რომ სააშკარაოზე გამოიტანონ და ეს მტკიცებულებები აჩვენონ საზოგადოებას, ამის სურვილი არ აქვთ. ურჩევნიათ, მანიპულირებდნენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მეორე მიზეზია, რომ ეშინიათ, ისეთი საკითხები და ხარვეზები არ აღმოჩნდეს ამ განაცხადებში და ისეთი შეფასება არ დადონ ორგანიზაციებმა, რომ თვალსაჩინო იყოს, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიკერძოებულად, როდესაც მათ შეარჩიეს 50 კანდიდატი. ეს კითხვები აუცილებლად გაჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მათი ახლო ნათესავები გადავიდნენ 50-კაციან სიაში და ეს რომ კონკურენციის შედეგი არ იყო, ცხადია, მაგრამ ეს უკვე დასაბუთდება იმ განაცხადებით. ამასთან, ეს დროის გაჭიანურების მცდელობაა, რაც ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს სჭირდებათ იმისთვის, რომ გარკვეული კვლევები მოამზადონ, გარკვეული ინფორმაცია დაამუშავონ და ამის საშუალებას არ აძლევს საბჭო იმიტომ, რომ ურჩევნიათ, დროულად, სწრაფად განახორციელონ ეს პროცესი და ისე მიიყვანონ პარლამენტამდე ეს ხალხი, რათა არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები და ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფონ საზოგადოება", -აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საბჭოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ინფორმაციის გამოთხოვნის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი ეთქვა. ამასთან, სხდომაზე განიხილება „ღია საზოგადოების ფონდის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო