დიმიტრი შველიძე -  რუსეთმა ისევ და მეათასედ დაამტკიცა, რომ მას უნდა მხოლოდ დამორჩილებული საქართველო და არ შეუძლია აიტანოს დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული საქართველო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენი საუბარი ძალიან სახიფათო გზავნილების შემცველი პუტინის განცხადებებით მინდა დავიწყოთ.

ყველასათვის მოულოდნელად, პუტინმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას, მაგრამ იქვე თქვა, რომ ოკუპანტი რუსეთი კი არა საქართველოა, რომელმაც 1918 წელს გერმანელების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპირება, 1919-1920 წლებში სამხრეთელ ოსებს მოუწყო გენოციდი.

საქართველოზე პუტინის ამ განცხადებების ტირაჟირებას ახდენენ რუსული ტელევიზიები, გაზეთები და ინტერნეტგამოცემები. რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული აქვს დაახლოებით ისეთივე ფართომასშტაბიანი შეტევა, როგორსაც იგი 2008 წლის ომის წინ ახორციელებდა. საქართველოს უახლესი ისტორიის პუტინისეული ვერსია რა სახიფათო გზავნილებს შეიცავს?

- არა მგონია, რომ პუტინის გზავნილებში რამე ახალი საფრთხე იმალებოდეს. საქმე უფრო მარტივადაა. ისე გამოვიდა, რომ უკანასკნელ ხანებში პატარა საქართველომ დიდ რუსეთს ორჯერ ესროლა ცხვირსახოცი და მათი გაგებით ორჯერ მიაყენა „შეურაცხყოფა“.

პრეზიდენტმა პუტინმა თქვა ის, რაც აქამდეც არაერთხელ უთქვამს. რუსეთის მხრიდან ეს პასუხი უფრო იყო, ვიდრე მათი ინიციატივა

პირველ შემთხვევაში - რუსეთის დუმის დეპუტატი გააძევეს საქართველოდან და მეორე შემთხვევაში - ქართული ტელეარხის ჟურნალისტმა საქვეყნოდ გაასწორა მიწასთან რუსეთის პრეზიდენტი.

ამ ორ ფაქტზე, დამეთანხმებით, რუსეთის ხელისუფლებას და პოლიტელიტას რამენაირი რეაგირება უნდა მოეხდინა და მოახდინა კიდეც. პოლიტელიტამ ამას მორიგი ანტიქართული განწყობების დაფიქსირებით უპასუხა, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა თქვა ის, რაც აქამდეც არაერთხელ უთქვამს. ერთი სიტყვით, ორივე შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან ეს პასუხი უფრო იყო. ვიდრე მათი ინიციატივა.

პუტინმა, შესაძლოა, ჩვენზე ნაკლებად არ იცის რეალობა, მაგრამ ტყუილი, სიცრუე, სიყალბე სჭირდება. სხვანაირად ის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ გაამართლებს

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებებს, არაფერი ისე ზედმეტი არ არის, როგორც მისთვის ისტორიის სწავლება. პუტინმა, შესაძლოა, ჩვენზე ნაკლებად არ იცის რეალობა, მაგრამ ტყუილი, სიცრუე, სიყალბე სჭირდება. სხვანაირად ის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ გაამართლებს.

პირველ რიგში, რუს ხელისუფლებს საქართველოს ისტორიის ამგვარი ყალბი ინტერპრეტაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ საკუთარი ხალხი, რუსეთის მოსახლეობა მოატყუონ, ტყუილში აცხოვრონ და მათ ეს გამოსდით.

რუს ხელისუფლებს საქართველოს ისტორიის ამგვარი ყალბი ინტერპრეტაცია იმისთვის სჭირდებათ რომ საკუთარი ხალხი, რუსეთის მოსახლეობა მოატყუონ, ტყუილში აცხოვრონ და მათ ეს გამოსდით

რუსეთის სამივე სისტემის ხელისუფლება ამას წარმატებით ახერხებდა - ჯერ რუსეთის მონარქები ატყუებდნენ რუს ხალხს, შემდეგ გენერალური მდივნები, დღეს კი ტყუილის მანქანის საჭე წარმატებით უპყრიათ ხელთ პრეზიდენტებს. თავს მინდა მივცე უფლება და მწუხარება გამოვთქვა მარად მოტყუებული რუსი ხალხისა და რუსეთის სხვა დაპყრობილი ხალხების ბედის გამო.

- თუ კრემლთან დაახლოებული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამონათქვამებს გადავავლებთ თვალს, შეუმჩნეველი არ დაგვრჩება მათი განცხადებების მუქარანარევი ტონი.

მეტიც, პუტინის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი „ლოიალობას“ რუსეთის პოლიტელიტა განიხილავს როგორც შანს, რომ ქართველები „დაფიქრდებიან, გონზე მოვლენ და გადაიფიქრებენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებას.“

მათივე აზრით, თუ საქართველო შესაბამის დასკვნებს არ გააკეთებს, მას პრობლემები ექნება ეკონომიკაშიც და მეზობლებთან. მეზობლებში მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს გულისხმობს, სადაც ამერიკული დაზვერვის მონაცემებით კრემლმა გაზარდა როგორც სამხედრო კონტინგენტის, ისე შეიარაღების რაოდენობა,

საქართველოზე მასირებული რუსული პროპაგანდისტული შეტევით მოსკოვი საქართველოს დაშინებას ცდილობს თუ იმის დემონსტრირებას, რომ მას საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად ბერკეტები უკვე გააჩნია?

- რუსეთის უზარმაზარ სახელმწიფოს ზეწოლის იმდენი ბერკეტი გააჩნია, რომ მარტო მის ჩამოთვლას ერთი ინტერვიუ არ ეყოფა. აი, პრეზიდენტი გაბრაზდა და საკუთარ ხალხს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა. ჩვენში უკვე ითვლიან ზარალს რაც რუსეთიდან ტურისტების ჩამოსვლის შეწყვეტას მოჰყვა.

რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები ბევრჯერ გამოუყენებია და ისეთებიც გააჩნია, რაც არ გამოუყენებია. ამიტომ სჭირდება საქართველოს ძლიერი მოკავშირე და პარტნიორი, რომ ნებისმიერი აგრესიის ნეიტრალიზება იქნას მიღწეული

ონიშჩენკომ უკვე გამოთქვა შიში, რომ თუ ღვინის ექსპორტის საშუალება არ ექნებათ ქართველებს, საქართველოში ღვინის წარმოება დაემხობა და ა. შ. და ა. შ. რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები ბევრჯერ გამოუყენებია და ისეთებიც გააჩნია, რაც არ გამოუყენებია. ამიტომ სჭირდება საქართველოს ძლიერი მოკავშირე და პარტნიორი, რომ ნებისმიერი აგრესიის ნეიტრალიზება იქნას მიღწეული.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვში იმედი აქვთ, რომ საქართველოს მიმართებაში თუ მთლად 20-იანი წლების სცენარით არ იმოქმედებენ, შედეგი მათთვის დაახლოებით მაინც ისეთივე იქნება?

- ღმერთმა ნუ ინებოს რომ თანამედროვე რუსეთს წინა საუკუნის აგრესიის პოტენციალი გააჩნდეს. 1921 წელს დასავლეთმა წინააღმდეგობა არ გაუწია რუსეთს, დაეპყრო კავკასია და საქართველო.

ღმერთმა ნუ ინებოს, რომ თანამედროვე რუსეთს წინა საუკუნის აგრესიის პოტენციალი გააჩნდეს

თუ შესაძლებელია, რომ დასავლეთი დღესაც მაშინდელივით მოიქცეს, მაშინ რაღა უნდა ითქვას - მარტოდ მყოფი საქართველო, თავისზე მრავალჯერად ძლიერ აგრესორს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

- პრეზიდენტ პუტინის რეაქციაზე ხელისუფლების რეაქცია იმდენად კორექტული იყო, რომ მგონი კრემლშიც კი გაუკვირდებოდათ.

გასაგებია, რომ ეკონომიკური დამოკიდებულების გამო ხელისუფლების პასუხი ხისტი ვერ იქნებოდა, მაგრამ გაუგებარი დარჩა ის, თუ რატომ არ შეახსენა ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მომხდარში ბრალის ლომის წილი სწორედ მასზე მოდის და არა თბილისზე, სოხუმზე, ანაც ცხინვალზე.

მართალია, ბათუმში ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარე კონფერენციაზე ხელისუფლებამ კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანი, მაგრამ, მაინც პუტინი თავის განცხადებაში ისეთ თემებს შეეხო, რომელზეც უპირველესად კვალიფიციური და მკაფიო პასუხი ხელისუფლებას უნდა გაეცა.

სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ისტორიის პუტინისეულ ვერსიაზე ხელისუფლების პასუხი?

- რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებები ჩვენი წინაპრების მიმართ, რომლებსაც ბრალი დასდეს აფხაზეთის დაპყრობასა და ოსთა გენოციდში, მათი შთამომავლებისაგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

ღირსეული პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ვერც ჩვენმა პრეზიდენტმა, ვერც პრემიერმა, ვერც საგარეო საქმეთა მინისტრმა

მე არ ვამბობ, რომ ეს პასუხი გაბუნიას სტილით უნდა გაცემულიყო. მაგრამ არსებობს დიპლომატიის ხელოვნება, პოლიტიკური გონიერების ხარისხი, რომელსაც ზოგი ხელისუფლება შეიძლება რომ ფლობდეს, ზოგს კი ეს არ ჰყოფნიდეს.

გამოდის, რომ დახვეწილი და ღირსეული პასუხის გაცემა ვერ მოახერხა ვერც ჩვენმა პრეზიდენტმა, ვერც პრემიერმა, ვერც საგარეო საქმეთა მინისტრმა. საწუხ არს ესე.

პასუხის გაცემა მარტივად შეიძლებოდა. სანამ საქართველოს ჯარი გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით აფხაზეთში შევიდოდა 1918 წელს, მანამდე აფხაზეთში წითელგვარდიელი ჯარის ნაწილები შემოიჭრნენ.

ვიდრე გენერალი მაზნიაშვილი აფხაზეთში 1918 წელს შევიდოდა, მანამდე აფხაზეთში წითელგვარდიელი ჯარის ნაწილები შემოიჭრნენ...

აფხაზეთზე პრეტენზიას აცხადებდა თეთრგვარდიელი გენერალი დენიკინიც. არც ერთი და არც მეორე არ უნდოდათ აფხაზ პატრიოტებს, რომლებმაც საქართველოს მთავრობას დახმარება სთხოვეს და პირველი რესპუბლიკის ჯარმა აგრესორებისაგან გაწმინდა აფხაზეთი

აფხაზეთზე პრეტენზიას აცხადებდა თეთრგვარდიელი გენერალი დენიკინიც. არც ერთი და არც მეორე არ უნდოდათ აფხაზ პატრიოტებს, რომლებმაც საქართველოს მთავრობას დახმარება სთხოვეს და პირველი რესპუბლიკის ჯარმა აგრესორებისაგან გაწმინდა აფხაზეთი.

რაც შეეხება მაშინდელ გერმანიას. დიახ, სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გადაურჩა საქართველო 1918 წელს ოსმალეთის აგრესიას და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც სამი წლის შემდეგ წაართვა საქართველოს საბჭოთა რუსეთმა. განა ამის თქმა დიპლომატიური ტაქტით, მტრული ტონის გარეშე არ შეიძლებოდა საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში?

სწორედ გერმანიის მხარდაჭერით გადაურჩა საქართველო 1918 წელს ოსმალეთის აგრესიას და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც სამი წლის შემდეგ წაართვა საქართველოს საბჭოთა რუსეთმა. განა ამის თქმა დიპლომატიური ტაქტით, მტრული ტონის გარეშე არ შეიძლებოდა თქმულიყო საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებაში?

ოსთა გენოციდის მსგავსი არაფერი მომხდარა. რუსული სპეცსამსახურების წაქეზებით, რუსული იარაღით და ფინანსებით, ოსმა კომუნისტებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ უნდოდათ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარი შემოსულიყო. სამივე აჯანყება მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებამ ჩააქრო და ეს ვერ მოხერხდებოდა ყვავილების სროლით.

ოსმა კომუნისტებმა სამჯერ მოაწყვეს აჯანყება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... სამივე აჯანყება მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებამ ჩააქრო და ეს ვერ მოხერხდებოდა ყვავილების სროლით

მერე ისიც კი შეიძლებოდა, რომ რუსი საზოგადოებისათვის შეგვეხსენებინა, რა არის დაპყრობა და გენოციდი.

დაპყრობა არის ის, რაც რუსეთმა მრავალჯერ განახორციელა პოლონელები, ბალტიისპირელების, კავკასიელების, სხვა უამრავი ხალხებისა და ქვეყნების მიმართ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ხოლო გენოციდი არის ის, რაც რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლებებმა განახორციელეს აფხაზების, ჩრდილო კავკასიელების, მათ შორის ჩეჩნების, ყირიმელი თათრებისა და სხვა ხალხების მიმართ.

- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მმართველი გუნდის ლიდერ ივანიშვილისაგან მოითხოვა ამ თემაზე საჯარო განცხადებების გაკეთება, ამგვარი რამ ჯერ არ მომხდარა.

ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილი ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან პუტინის საპასუხოდ აქამდე გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილების განცდაშია. ასეა მიუხედავად „ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ ისინი რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას ატარებენ.

თქვენი აზრით, პუტინის აშკარად ღია გამოწვევაზე რატომ არ უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა?

- უნდა ვიფიქროთ, რომ მას ამის არავითარი სურვილი არ გასჩენია. მომავალში შეიძლება იმ შემთხვევაში დააფიქსიროს თავისი პოზიცია, როცა ამის შესახებ ჰკითხავენ.

- ვხედავთ, რომ 20 ივნისის შემდეგ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს საფრთხის შემცველი ტენდენციები აშკარად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მშვიდად ცდილობს ადევნოს თვალი პროცესებს, ბევრი თვალსაზრისით, ვითარება აშკარად არასახარბიელოა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ქვეყანა 20 ივნისის შემდეგ იმყოფება?

- დღეს ყველა პოლიტიკური ძალის ქმედებას მომავალი არჩევნების მოლოდინი განაპირობებს. ალბათ საზაფხულო არდადეგების შემდეგაც ასე იქნება. ეს მოლოდინი და მასთან - იმედიც, პროპორციული არჩევნების ინტრიგამ გააღვიძა.

ოპოზიციონერები შეეცდებიან რომ ეს საპროტესტო ცეცხლის კერა არ ჩაქრეს

ყველანაირი მიმართულების ოპოზიციონერები შეეცდებიან, რომ ეს საპროტესტო ცეცხლის კერა არ ჩაქრეს არჩევნევნებამდე, არა აქვს მნიშვნელობა, ეს დანიშნული არჩევნები იქნება თუ ვადამდელი.

თანაც, მოსაწყენ და გადაყირჭებულ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ახალი ძალა, რომელსაც ანდამატივით მიმზიდველი სახელი ჰქვია - ახალგაზრდობა.

- დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ ფიქრი, რომ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები საგარეო დაძაბულობის სარკისებრი არეკვლა არ არის“. თქვენი დაკვირვებით, ჩვენში მიმდინარე პროცესები რამდენად უკავშირდება გარე ფაქტორებს?

- მეტიც შეიძლება ითქვას. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როცა ორი ფაქტორი ემთხვეოდა ერთმანეთს: შინაგანი პროტესტი და საგარეო მხარდაჭერა. პირველ შემთხვევაში - შევარდნაძე მოვიდა შინაგანი შეიარაღებული ამბოხების, რუსეთის მხარდაჭერისა და დასავლეთის წაყრუების ფონზე.

საქართველოში ხელისუფლება იცვლებოდა მაშინ, როცა ორი ფაქტორი ემთხვეოდა ერთმანეთს, ასე იქნება, სანამ საქართველო არ იპოვის საბოლოოდ თავის გეოპოლიტიკურ ადგილს. ის ჯერ კიდევ შუა გზაზეა გახიდული

მეორე შემთხვევაში სააკაშვილი მოვიდა ანტიშევარდნაძისტული პროტესტისა და დასავლეთის მხარდაჭერის დამთხვევის ფონზე.

მესამე შემთხვევაში „ნაციონალების“ წასვლა მოხდა ანტისააკაშვილისტური პროტესტისა და ისევ საგარეო მხარდაჭერის ფონზე. ამის შემდეგაც ასე იქნება, სანამ საქართველო არ იპოვის საბოლოოდ თავის გეოპოლიტიკურ ადგილს. ის ჯერ კიდევ შუა გზაზეა გახიდული.

- თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების ბრალდებები ჩვენში მიმდინარე პროცესებში მესამე პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ?

- ეს ხომ აშკარაა და ამას არც მიხეილ სააკაშვილი მალავს.

- გასაგებია, გაბუნიას საქციელი სააკაშვილმა და გვარამიამ დაგმეს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საზიანოდ რუსულ-ქართული ისედაც დაულაგებული ვითარების გამწვავება სწორედ გიორგი გაბუნიას ბრალდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა და გვარამიამ არ იცოდნენ აპირებდა თუ არა გაბუნია პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას, თქვენი დაკვირვებით, სააკაშვილი და გვარამია ახლა მაინც თუ აცნობიერებენ რომ გაბუნიამ და „რუსთავი-2“-მა ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყვეს საქართველოში პუტინის პოზიციების გაძლიერებას და ქვეყანაში პრორუსული განწყობების ზრდას?

- საინტერესო ამბავი მოხდა. გაბუნიამ თავისი გაუგებარი ყოყლოჩინობით პირველ რიგში თავისი თავი, მერე - თავისი არხი, მერე - „ნაციონალური“ პარტია და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთელი პროდასავლური ბანაკი დააზარალა საქართველოში.

მაგრამ, მოულოდნელად, ყველა ამ ჩამოთვლილ ძალას მხსნელად მოევლინა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.

გაბუნიამ თავისი გაუგებარი ყოყლოჩინობით პირველ რიგში თავისი თავი, მერე - თავისი არხი, მერე - „ნაციონალური“ პარტია და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთელი პროდასავლური ბანაკი დააზარალა საქართველოში

პუტინის არანაკლებად უტაქტო ბრალდებებმა ზოგადად საქართველოს მიმართ ანტისარუსეთო პროტესტი ისევ გააღვივა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.

რუსეთმა ისევ და მეათასედ დაამტკიცა, რომ მას უნდა მხოლოდ დამორჩილებული საქართველო და არ შეუძლია აიტანოს დამოუკიდებელი, ძლიერი და განვითარებული საქართველო. საწუხ არს ესე.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა