დიმიტრი გვრიტიშვილი - ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის ერთადერთი მიზეზი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესია

აქამდე ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესია - ეს დღესვე გასაჯაროვდება, თუ სახელმწიფო ინსპექტორი დაგვიდასტურებს, რომ კანონმდებლობასთან პრობლემა არ არის", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით და უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ საბჭო ინფორმაციას განზრახ არ ასაჯაროებს.

„ეს არის მორიგი ცილისწამება, დღეს განვიხილავთ ზუსტად ამ საკითხს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აზრით, პერსონალური მონაცემები არის დაცული კანონმდებლობით და ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მოსმენის გარეშე ჩვენ ამ ინფორმაციას ვერ გავასაჯაროებდით. აქამდე ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი, ხაზს ვუსვამ, არის სწორედ ეს, პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი. თუ დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორი ცალსახად დაუდასტურებს საბჭოს, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არ დაარღვევს პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დღესვე გასაჯაროვდეს ეს ინფორმაცია", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩატარდა ეს პროცედურა აქამდე, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის შემდეგ დაახლოებით, თვენახევარი გავიდა.

„ჩვენ ვმსჯელობდით და ამის მერე გვქონდა კონსულტაციები, შეხვედრის დონეზე ჩვენი აპარატის თანამშრომლები იყვნენ კონსულტაციებზე სახელმწიფო ინსპექტორთან. თუმცა ოფიციალური მოწვევის საკითხი დადგა წინა სხდომაზე, ჩვენ ეს მოწვევა გავაკეთეთ. რაც მთავარია, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხი გადაწყდება გასაუბრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. მანამ, სანამ გასაუბრება დაიწყება, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორი დღეს დაგვიდასტურებს, რომ ამ გასაჯაროებაში პრობლემა კანონმდებლობასთან არ არის", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი სხდომა, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო და ამჟამად მიმდინარეობს, შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საბჭოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა ინფორმაციის გამოთხოვნის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი ეთქვა. ამასთან, სხდომაზე განიხილება ღია საზოგადოების ფონდის წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა