სალომე სამადაშვილი - ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რომ ქვეყნის შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი 2 საათის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას

ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი 2 საათის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს.

სამადაშვილის შეფასებით, გუშინდელმა ინტერვიულ აჩვენა, რომ გახარიას კითხვებზე პასუხი არ აქვს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 20 ივნისის ღამე პოლიტიკური ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენოს.

„ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, უშიშროების საბჭოს მდივანი 2 საათის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას და რაც მთავარია, ტყუილის რამდენიმე ვერსიას სთავაზობდა. ხან საუბრობდა აუცილებელ მოგერიებაზე, ხან პარლამენტში შეჭრის თავიდან აცილებაზე, ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე. რაღაცა ერთ ვერსიაზე რომ შეთანხმდეს მთავრობა და გახარიამ ამ ერთ ვერსიაზე ისაუბროს, შეიძლება ცოტა ნაკლებად დამაბნეველი იყოს საზოგადოებისთვის. რეალურად, ჩვენ დავინახეთ, რომ გახარიას არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ იყო საჭირო დემონსტრაციის დარბევა 20 ივნისის ღამეს. მან ვერ გასცა პასუხი შეკითხვას, რა საჭირო იყო სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება საათების მანძილზე რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში და ვერ ახსნა, რა იყო ეს საფრთხე. ხელისუფლებამ აირჩია ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც თავდასხმა მიაჩნიათ საუკეთესო თავდაცვად და გადაწყვიტა, რომ 20 ივნისის ღამე გამოიყენოს პოლიტიკური ოპოზიციის დევნისთვის. ამის შედეგები ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება.

რაც გახარიამ ინტერვიუში ისაუბრა, ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოში მსგავსი ჩვენებები ჩაითვლებოდა ცრუ ჩვენებად და მხოლოდ ამაზეც კი დაეკისრებოდა მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აღარ ვსაუბრობ 20 ივნისის ღამეზე. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ გაღრმავდება ასეთი პოლიტიკით,“ - განაცხადა სამადაშვილმა.