ვანო მაჭავარიანი - გახარიას მიერ ფაქტების არასწორად წარმოჩენა ემთხვევა რუსი პოლიტიკოსების და სპეცსამსახურების მიერ 20-21ივნისს განვითარებული მოვლენების აღწერას

გიორგი გახარია მძევალია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიიღეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ივანე მაჭავარიანმა, „ინტერპრესნიუსთან“, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ექსპერტის თქმით, „როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტზე არაადეკვატური რეაგირების მთელი პასუხისმგებლობა გახარიას ჩამოკიდოს“.

მისივე თქმით, თავმოყვარე ქართველი აქამდე დატოვდებდა თანამდებობას და მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.

„საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა ძალადობა პოლიციამ, მაშინაც კი საბჭოთა მოხელეები პასუხიმგებლობას იღებდნენ და ტოვებდნენ თანამდებობას. ფაქტია, რომ ის, რაც მოხდა 20-21 ივნისს, გახარიას მორალური, პროფესიული და პოლიტიკური უფლება არ აქვს დარჩეს თანამდებობაზე. ნებისმიერი თავმოყვარე ქართველი ადამიანი დიდი ხნის წინ დატოვებდა თანამდებობას და აიღებდა პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე და იმ დანაშაულზე, რაც მოხდა 20-21 ივნისს ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოყენებული დარბევის ნაწილში. გიორგი გახარია არ ტოვებს თანამდებობას, არ იღებს პასუხისმგებლობას. ის არის მძევალი იმ მოვლენების, რომელიც მოხდა 20-21 ივნისს და მძევალია იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, რომელიც იქნა მიღებული „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებში, ის მძევალია იმ ძალიან რთული ვითარებისა, რომელიც შეიქმნა სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევით, რადგანაც ამ ხელისუფლებას ეშინია მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის. მათი რეაგირება იყო არაადეკვატური, არაპროპორციული და მთელი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, უნდათ, ბატონ გახარიას ჩამოკიდონ.

ბატონი გახარიას გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, მას არც მორალური, არც პოლიტიკური და არც პროფესიული უფლება არ აქვს დარჩეს შინაგან საქმეთა მინისტრის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე.

მის მიერ ფაქტების არასწორად წარმოჩენა, სამწუხაროდ, ემთხვევა რუსი პოლიტიკოსების და რუსი სპეცსამსახურების თბილისში 20-21ივნისს განვითარებული მოვლენების აღწერას. ფაქტია, რომ როგორც საქართველოს უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, ადრე თუ გვიან, მას პიროვნულად მოუწევს სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება 20-21 ივნისის მოვლენებზე, ხოლო დღევანდელი მთავრობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უბრალოდ ვერ გაექცევა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაწილში წარმოაჩინა შს მინისტრმა ფაქტები არასწორად, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ როგორც შს მინისტრი ამბობს, სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა, „იმ ღამის გარდა არაფერი არ გვინახავს და თუ დაგეგმილი იყო, სად არის გაგრძელება იმ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების“.

„რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, გადატრიალების მცდელობას თუ პარლამენტში შესვლის მცდელობას, ფაქტები უნდა იქნას წარმოჩენილი.

მისი ინტერვიუდან როგორც ჩანს, მიზანი ამ არაპროპორციული ოპერაციის ჩატარების იყო ის, დაენახვებინათ მოსახლეობისთვის, რომ წამსვლელები არიან ყველაფერზე იმისთვის, რათა ნებისმიერი სახალხო პროტესტი, რომელიც შეიძლება არჩევნებამდე, 2020 წლამდე კიდევ ვიხილოთ საქართველოში, არ იქნება მთავრობის მიერ ადვილად გატარებული. არსებობს შიში სახალხო პროტესტის და ეს არის გამოხატულება, რაც 20-21 ივნისს გააკეთა ხელისუფლებამ სახალხო პროტესტის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „გახარიას გამართლება არ შეიძლება, როცა პირდაპირი დამიზნებით ხდება მშვიდობიან ახალგაზრდებზე რეზინის ტყვიების გამოყენება, რომელსაც ძალიან მძიმე დაზიანებები მოჰყვა“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს