მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა „ნაცმოძრაობას“ ისტერიკაში აგდებს

გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთ მხარეს დგას მეხუთე კოლონა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას.

“გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ასე რომ, ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული „მეხუთე კოლონა“ „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება - კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს.

რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ამას უსწრაფესი გამოძიება და ამ ადამიანებზე ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, ასევე აღსანიშნავია რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ - და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო - რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა მდინარაძემ.