გია ვოლსკი - ადრევე უნდა დაწყებულიყო პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ

მე მაინც მოვისაკლისებ ერთ საკითხს - ადრევე უნდა დაწყებულიყო პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს. ვოლსკის შეფასებით, 20 ივნისს პოლიციისა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მიმდინარეობდა და ამის დანახვა რთულია, როდესაც „მიკერძოებულ დაკითხვაზე ხარ, მათ შორის ჟურნალისტის მხრიდან“.

„ვერასოდეს შს მინისტრის ინფორმაცია და მისი პასუხები უნისონში ვერ იქნება იმ ემოციასთან, რაც აქვს ჟურნალისტს, ან პოლიტიკოსს, იქნება ის ოპოზიციაში თუ უმრავლესობაში. ასე რომ, მთავარი თემა მაინც გამოიკვეთა და დაინტერესებული ადამიანი დაინახავდა სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკითხებისადმი. დაინტერესებული ადამიანი დაინახავდა განსხვავებას იმ ადამიანთა პოლიტიკისაგან, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან გახარიას წინააღმდეგ. მათ დროს სახელმწიფომ მიტინგის დაშლის დროს მოახდინა არა მხოლოდ ადამიანების ფიზიკური დაშავება, მოკვდინება, არამედ კუბოს სახურავიც არ აახდევინეს ჭირისუფალს. ახლა რა გადაცდომებიც მოხდა, ამაზე სალაპარაკოც არის და რასაკვირველია, გამოსაძიებელიც, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე ეს არ არის სახელმწიფოს დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და ეს უნდა გააცნობიეროთ. თანაც ამ შემთხვევაში იყო აშკარა და რეალური თავდასხმა პოლიციელებზე. მე მაინც მოვისაკლისებ ერთ საკითხს, რომ ადრევე უნდა დაწყებულიყო პოლიციის პასუხი იმ შეტევაზე, რასაც საათების განმავლობაში უძლებდნენ. პოლიციისა და სახელმწიფო სტრუქტურების სერიოზული დისკრედიტაცია მიმდინარეობდა და ეს გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. აი, ამ სურათის დანახვა ცოტა რთულია, როდესაც მიკერძოებულ დაკითხვაზე ხარ, მათ შორის ჟურნალისტის მხრიდან,“ - განაცხადა ვოლსკიმ.