გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - რუსეთში არსებობს კრეატიულობა, რომ ისტორიული ფაქტები თავისებურად წარმოაჩინონ

კონფლიქტების დროს აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება. ევროკავშირში გვინდა, მწვავე კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, დიალოგი გააგრძელონ, იმოქმედონ ძალიან გააზრებულად და არ გაამწვავონ სიტუაცია,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, სპეციალურმა წარმომადგენელმა გერმანია-საფრანგეთის თანამშრომლობის საკითხებში მიხაელ როტიმ განაცხადა.

მიხაელ როტი რუსი დეპუტატის ყოფნას საქართველოს პარლამენტში პროვოკაციად აფასებს.

"ჩვენ არ გვაკვირვებს, რომ დაძაბული ურთიერთობები კარგა ხანია არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, იმის ფონზე რომ რუსეთი ერევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და იმ დრამატული სიტუაციის ფონზე, რომელიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშია, მაგრამ კონფლიქტების დროს მაინც აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება ერთმანეთთან. ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი აღშფოთებულია რუსი დეპუტატის ამ საქციელით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო პროვოკაცია",- განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

მისივე თქმით, "ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ დეესკალაცია მოხდეს.

"გვინდა, რომ მწვავე კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანად, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ დიალოგი გააგრძელონ, მოვუწოდებთ რომ იმოქმედონ ძალიან გააზრებულად და არ გაამწვავონ სიტუაცია",- განაცხადა როტიმ.

ამასთან, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვს ეხერხება ისტორიული ფაქტების დამახინჯებაც.

"არ ვიცნობ პუტინის ბოლო განცხადებას, არ ვიცი რა თქვა, მაგრამ ის ვიცი, რომ რუსეთში არსებობს კრეატიულობა, რომ ისტორიული ფაქტები თავისებურად წარმოაჩინონ",- აღნიშნა მინისტრმა.

მიხაელ როტი "პალიტრანიუსის" ეთერში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მოხარულია საქართველოს მონდომებით, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს იზიარებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე რუსეთს არანაირი ვეტოს უფლება არ გააჩნია.

"ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ ერთმნიშვნელოვნად აირჩია კურსი ევროპისკენ, რომ ის იზიარებს ევროკავშირის ფასეულობებს, რომ აღიარებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობა გვინდა, პირველ რიგში, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა სფეროებშიც, იქნება ეს კულტურული თუ პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველომ მომდევნო ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ დამყარდეს დემოკრატია, დამყარდეს სამართლებრივი სახელმწიფო, ასევე დაცული იყოს უმცირესობის უფლებები, იქნება ეს უმცირესობები ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თუ სექსუალური. რუსეთს ამ შემთხვევაში არ აქვს არანაირი ვეტოს უფლება საქართველოს ამ განვითარების გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტები უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყნის ერთმანეთთან თანამშრომლობით, და ეს უნდა იყოს რაციონალურ პრინციპებზე დამყარებული თანამშრომლობა",- განაცხადა როტიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს