სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელო დისკუსია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვების გარშემო

მე ამის შესახებ ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელო დისკუსია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვების გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველეს“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ცნობილ ტელეეთერზე საუბრისას განუცხადა.

„თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგადად - და ამაში გამოიხატებოდა ჩემი მოწოდება ბათუმის ფორუმზე - ჩვენ არ უნდა მივმართოთ ვერბალურ ესკალაციას. ქართველებისთვის ეს არატიპიურია. ვიმეორებ, ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევები და ვერბალური ესკალაცია პრობლემებს არ წყვეტს. პრობლემების გადაწყვეტა გამოიხატება განვითარებაში, აყვავებაში, ევროპასთან კავშირების გამყარებაში და ევროპულ გზაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა კრემლთან პირდაპირი კავშირი და აქვს თუ არა ურთიერთობა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს: „თქვენ ხომ იცით, რომ ეს ასე არ არის“.

„თქვენ ხომ იცით, რომ ეს ასე არ არის. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ამიტომ ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს. ისინი უნდა იყვნენ თუ შუამავლები არა, უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატები. გააგებინონ რუსეთს, რომ მან ურთიერთობა უნდა ააწყოს მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემით. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის გამყარება.

საქართველო განსაკუთრებით სტაბილური ქვეყანაა ამ არც თუ მშვიდ რეგიონში. ამ რეგიონში არასტაბილურობის ბევრი კერაა. თუმცა, ჩვენ ყველაფრის მიუხედავად, შევძელით სტაბილურობის მოფრთხილება და ჩვენმა დიდმა მეზობლებმა უნდა გამოავლინონ დიდი პატივისცემა ამისადმი. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ეს სიგნალი უნდა მიიტანონ რუსეთამდე, როდესაც მასთან რეგიონალურ საკითხებს განიხილავენ“ , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა