ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2019

დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილს, გახარიასთან ერთად, წკიპურტით გავაგდებთ”

მამუკა გამყრელიძე – “გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ”

* * *

დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილს, გახარიასთან ერთად, წკიპურტით გავაგდებთ”

“ძალიან გაბრაზებული რიგითი ქართველი ვარ. ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულებრივი ტყუილების კორიანტელი, ტყუილების კასკადი, რომელიც არის უპატიებელი. რომ “უბერავს” აშკარაა, მაგრამ არც იმდენად, რომ სასამართლოს მკაცრ განაჩენს ფსიქიატრმა გადაარჩინოს”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილს, გახარიასთან ერთად, წკიპურტით გავაგდებთ” / დავით ბერძენიშვილი: “ქართული ოცნება” რუსეთის მძევალია”.

“მოვისმინეთ, რომ მან გასცა ბრძანება და ამით პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო – ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე ვერ დაასაბუთა პოლიტიკოსების - ნიკა მელიასა და სხვების ეპიზოდში სიმართლე, - წარმოდგენილ უწყვეტ ვიდეომასალაზე თქვა, მონტაჟიაო - ეს იცით, როგორი სიბრიყვეა? როგორაა სიბრიყვე, როცა იგივე მასალა პროკურატურას აქვს წარდგენილი სასამართლოში და მასზე შს მინისტრმა მინტაჟიაო, თქვას. ეს არის გასაჭირის ბრალი და ინტელექტუალური გასაჭირის დადასტურებაც. ფაქტი ერთია, რომ ეს ადამიანები მოსალაპარაკებლად შედიოდნენ ბახტაძესთან და გახარიასთან, მათ დაიბარეს და რატომ არ გაიმართა მოლაპარაკება, ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა... უსირცხვილოდ საუბრობდა, - კი დავთხარეთ თვალი, მაგრამ მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ გაიღოო. მე კარგად ვიცნობ კობა ლეთოდიანის ოჯახს, რესპუბლიკელები არიან, კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი აფხაზეთის ომში, რუსეთთან ბრძოლაში დაკარგა და მეორე თვალი – ახლა. აქ ტყვიები ვერ ამოუღეს და ისრაელში იბრძვიან ექიმები, რომ როგორმე თვალის ბადურა გადაურჩინონ, არავინ იცის დაინახავს თუ ვერა და ამაზე ცინიკურად უპასუხა, ხომ ვაფინანსებთ მკურნლობასო... ამან გალაკტიონის სიტყვები გამახსენა: “წინათ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვიყავი”. ბუნებრივია, სიკვდილით დასჯას კი არ ვითხოვ, მაგრამ კანონის სიმკაცრეს გახარია ვერსად გაექცევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

“ბრძანება მართლა მან გასცა თუ არა დღემდე არ ვიცით. იქნება ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, ახლა გახარიამ და ბახტაძემ აქეთ მე არ მომიწყონ გადატრიალება ოპოზიციასთან მოლაპარაკებითო და ანზორ ჩუბინიძეს უბრძანა შენ გაეცი ბრძანებაო! ამ ვერსიის საკმაოდ მაღალი ალბათობა გაჩნდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გახარიამ ხმა ვერ ამოიღო და პასუხისმგებლობა არ აიღო, თუმცა ახლა თქვა, რომ მან გასცა ბრძანება. როგორც ჩანს, ჩათვალა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გასცა ბრძანება, თუ მე გავეცი, მაინც დამნაშავე ვარ, თუ არ გავეცი, მაგრამ დავმალე და მოვიტყუე, მაინც დამნაშავე ვარ… ეს არის უხეში, უტვინო, გაუმართლებელი გადაწყობა საზოგადოების წინააღმდეგ ივანიშვილის და გახარიას მხრიდან, რაც არის უპატიებელი. პასუხი ძალიან მძიმე იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრებრივი, მათ მოუწევთ საზოგადოებრივ სამსჯავროზე წარდგომა და როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოებრივ სამსჯავროზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც უფრო დიდხანს ეყოლებათ გახარია “გრუშად”, მით უფრო მეტი მოხვდება პოლიტიკურად მათ “გრუშას” და შესაბანისად – ივანიშვილსა და ხელისუფლებას. დიდი არჩევანი ხელისუფლებას არ აქვს: გახარიას გაუშვებს, მაინც მოხვდება, დატოვებს, მაინც მოხვდება. მრავალპარტიულ არჩევნებში “ქართული ოცნება” პოლიტიკურად განადგურდება. თუ ისინი გაჯიქდებიან და არჩევნებამდე ქვეყანას არ მიიყვანენ, მაშინ მოისპობიან – ან შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირივით აორთქლდებიან, ან ასლან აბაშიძის “აღორძინებასავით”. ბიძინა ივანიშვილის ხვედრი რომლისას დაემსგავსება – აბაშიძისას თუ შევარდნაძისას, ვნახოთ. უარესებიც არსებობს უახლეს ისტორიაში, ჩვენს სამეზობლოში. ივანიშვილი უკვე უკადრებელსა და უპატიებელს კადრულობს... საქართველოში სულ იყო შეთქმულების თეორია, რომ ყველა ხელისუფლება, რომელივც გვყავდა, კრემლის მიერ იყო დასმული. მაგალითად, ზვიად გამსახურდია, რომლის ოპონენტი ვიყავი, მისი სხვა მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ კრემლის აგენტი იყო, რისიც მე არასდროს მჯეროდა. ერთი წუთითაც არ დამიშვილია, რომ ის კრემლმა დაგვისვა, ვიცოდი, რომ ქართველმა ხალხმა მოიყვანა... ასევე იყო თეორია, რომ 1992 წელს შევარდნაძე რუსეთის მიერ იყო ჩამოყვანილი და კრემლმა დაგვისვა – ესეც ტყუილი იყო, ისევე როგორც, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ხმები, მაგრამ სააკაშვილი კრემლს არ მოუყვანია სათავეში”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე – “ამით რისი თქმა გსურთ?” – პასუხობს:

“რომ არც ივანიშვილი მოუყვანია კრემლს, მაგრამ ბევრი ხელისუფალი, როდესაც გაუჭირდებოდა, კრემლს მიმართავდა. შევარდნაძის პროდასავლური პოლიტიკა, როდესაც გაუჭირდება ჩრდილო-დასავლური ხდებოდა. ახლაც ასე ემართება ივანიშვილს. როგორც ჩანს, მას უკვე საქართველო ნატოში არ ეგულება. როდესაც გამოეცალა საყრდენი, ანტიდემოკრატიული მმართველობა მომძლავრდა. პუტინმა გაბედა და თქვა, რომ რუსეთი კი არ არის ოკუპანტი და გენოციდის ომწყობი, პირიქით, საქართველოა! ამის შემდეგ ქალიან-კაციანად დაეწყო ხელისუფლება და მადლობა უხადა, რომ გვიწყალობე და სანქციები არ შემოიღეო - აქამდე მიიყვანა ივანიშვილმა თავისი ხელისუფლება. ამჟამად ის არის რუსეთის ხელისუფლების მძევალი, მთლიანად მოსწყდა ქართული საზოგადოების ნდობას. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნებზე ივანიშვილი თავის გახარიასთან ერთად წკიპურტით გავაგდოთ”.

მამუკა გამყრელიძე – “გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ”

“ადამიანმა პირდაპირ ეთერში ღიად მოიტყუა, რომ ვიღაც ელჩები იყვნენ მასთან. ყველა ელჩმა უარი თქვა, ჩვენ არ ვყოფილვართო. ადამიანი ტყუის ტყვიებთან დაკავშირებით, უამრავი ტყუილი მოვისმინეთ მისგან, იგი უტიფრად ტყუის… რამდენადაც ვიცი და ჩვენ გვყავს საერთო ნაცნობები, მე და ბატომ გახარიას, ყველასგან ვიცი, რომ იგი არის უაღრესად ადეკვატური და მოაზროვნე ადამიანი, ძალიან სხარტი აზროვნება აქვს, ძალიან ჭკვიანია და არც ისეთი ცუდია, როგორც ამას თავად წარმოაჩენს. როგორც ჩანს, აუხსნეს მას ვიღაც სხვა მრჩევლებმა, რომ მან ყველაფერი თავის თავზე უნდა აიღოს – როგორც ჩანს, რაღაც გარანტიები მიიღო, შესაძლოა გადაუხადეს კიდევაც და კმაყოფილი და ბედნიერი დარჩება ყველა, თუ მას გაუყენებენ შორ გზას”, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გამყრელიძე: “გახარიამ მიიღო გარანტიები, რომ არ დაიჭერენ”.

“სამაგიეროდ, სხვები გასუფთავდებიან, ხომ ვნახეთ, რაც მოხდა, ქუცნაშვილი გადააყოლეს ამ ამბავს, ასევე კობახიძეც, გახარია, ალბათ, არ უნდოდათ, მაგრამ იძულებული გახდებიან. სამაგიეროდ, ის ხალხი, ვინც გახარიას გარდა ბრძანებებს იძლეოდა, გვარებიც არის ცნობილი, ეს ხალხი აბოლუტურად არ დაზარალდება. ყველაფერი გახარიაზე გადატყდება, ეს ახალგაზრდობაც დაკმაყოფილდება, მოკლედ, კრება დარჩება მხიარული. ის იღებს რაღაც გარანტიებს – ხომ შეიძლებოდა დაეჭირათ?! წარმოიდგინეთ, რომ გასკდეს ასეთი ამბავი, რომ ეს ბრძანება გახარიამ კი არ გასცა, არამედ დასახელებული პირები არიან უშიშროებიდან და ივანიშვილის პირადი დაცვიდან – რომ ამ ხალხმა გასცა ეს ბრძანება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტალღა აგორდება. თუნდაც პანკისში რაც მოხდა, დარწმუნებული ხართ, რომ გახარიამ გააგზავნა იქ სპეცრაზმი? მე სულაც არ ვარ დარწმუნებული – ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა მაშინ, რომ გახარია საერთოდ აზრზე არ იყო და მის ზურგს უკან მოხდა ყველაფერი. როგორც ჩანს, სრულიად სხვა ძალები მართავენ სიტუაციას და გახარია ერთგვარი შირმის როლშია. თუმცა ყველაფერს თავისი ფასი აქვს და და ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, უღირს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გამყრელიძე.

“გახარია არის ე.წ. “თბომეიკერი” - ის უქმნის უხეხულობას მთელ “ოცნებას”. ახლა მასზე კონცენტრირდება ყველა უარყოფითი და ნეგატიური აზრი. ამ ახალგაზრდებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც მოთხოვნა გადადგომაა. რაც შეეხება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, როგორც ჩანს, სწორედ აქ მიიღო გარანტიები, ამიტომ საუბრობს ასე თამამად: მე გავეცი ბრძანება, მე ვიყავი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე კანონის ფარგლებშიო – აი, ეს ნარატივი გასდევს მის განცხადებებს ყოველთვის. გარანტიების გამო ყველაფერს იღებს თავის თავზე - რა პრობლემაა, ადგება და წავა, მას თავისი ბიზნესი აქვს რუსეთში. ის თვლის, რომ მაღალი პოზიციიდან შერცხვენილი არ წავა, მან შეასრულა ის ყველაფერი რაც უთხრეს და წავა თავაწეული”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “გადადგება და ყველა დაწყნარდება? ვითომ არაფერი მომხდარა, ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება?” – პასუხობს:

“ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ეს მოხდება. ყველა იქნება ბედნიერი იმით, რომ იპოვეს განტევების ვაცი - ჩვენ საზოგადოებას აქვს ეს თვისება, განტევების ვაცი იპოვოს”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო