აქციის მონაწილე - კალაძეს და მთავრობის წევრებს ყველგან დავხვდებით - კალაძეს აქვს უფლებამოსილება გახარიასთან მივიდეს და უთხრას, ყველგან მხვდება ეს ხალხი, მეც შევწუხდიო

თბილისში, მრგვალ ბაღში, სადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა პროტესტის გამოსახატად მივიდა. ისინი თბილისის მერს მრგვალი ბაღის დათვალიერების დროს დაჰყვებოდნენ და ცალი ხელი მარცხენა თვალზე ჰქონდათ აფარებული.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართული პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგი ხოჭოლავამ აღნიშნა, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მთავრობის ყველა წარმომადგენელს ყველგან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დახვდებიან.

„სრულიად შემთხვევით მოვედით, მეგობრები და იმ აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 24 დღეა, რუსთაველზე ვმართავთ აქციას. ვიმყოფებოდით აქვე, კაფეში და გავიგეთ, რომ ქალაქის მერი აპირებდა მოსვლას, რომელიც არის ასევე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და რომელსაც აქვს უფლებამოსილება გახარიასთან მივიდეს და უთხრას, რომ ყველგან მხვდება ეს ხალხი, შევწუხდი მეცო. ასე ვაწუხებთ, რომ ვაჩვენოთ, რომ მაკომ დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმე ადამიანმა, არიან დაშავებულები და გახარია უნდა გადადგეს. მეც იმ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, იქ ვდგავარ და ახლა შემთხვევით გავიგე კალაძის მოსვლის შესახებ. მოვედით და პატარა პერფორმანსი დავუდგით. ყველგან დავხვდებით კახის და მთავრობის ყველა წევრს, რომელიც მხარს უჭერს გახარიას სკამზე დარჩენას“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.

პერფორმანსის საპასუხოდ თბილისის მერმა განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი პროტესტისა და შეხედულებების გამოხატვის უფლება. ვერავინ გაბედავს, რომ ამას, რაც კონსტიტუციურ და კანონის ფარგლებშია, ხელი შეუშალოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო