ხატია დეკანოიძე - გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრი არ შეიძლება თვითონ იყოს მთავარი გამომძიებელი და ფაქტების მომგროვებელი

სასაცილოა, რა შეკითხვები უნდა ჰქონდეს გამოძიებას, როცა საზოგადოებისთვის ყველაფერი უკვე ნათელია, მათ შორის, ბოლოს გავრცელებული კადრებით დადასტურებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ სასამართლოში განუცხადა, სადაც ის ამ წუთებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს გიორგი გახარია არ უნდა იძიებდეს.

"ძალიან ირონიულია, როცა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. უნდობლობას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამიტომ მოვითხოვე მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოსვლა. გარდა ამისა, გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრი არ შეიძლება თვითონ იყოს მთავარი გამომძიებელი და ფაქტების მომგროვებელი. ეს არის ჩვენება, რომელიც არის ვინმე ყანდიაშვილის და რამიშვილის კანტორის ერთ-ერთი მოწმის, სადაც წერია იმდენად აბსურდი, რისი გამეორებაც არ ღირს. გარდა ამისა, ეს ჩვენება გადაკოპირებული აქვთ სხვა მოწმეებს. დარწმუნებული ვარ, არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ ექნებათ. ყველას ინტერესიდან გამომდინარე მოვითხოვ, ეს გამოკითხვა იყოს საჯარო, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კითხვა იყოს დასმული და ასევე ჩემ მიერ გაცემული ყველა პასუხი იყოს საინფორმაციო საშუალებების მიერ აღბეჭდილი. სხდომების დახურვის მიზეზი არის ის, რომ არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ", - აცხადებს დეკანოიძე.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრების კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიიის წევრები მურუსიძის სასამართლოს ხან არ ენდობიან, ხან კი სწორედ სასამართლოში დაკითხვას ითხოვენ, დეკანოიძე პასუხობს, რომ სასამართლოში სხდომის ჩაწერა მიმდინარეობს, რის გამოც, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა ამჯობინა.

„საქართველოში ნამდვილად არ ვენდობი სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. რასაკვირველია, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლო, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, არის და რჩება ძალიან დიდ გამოწვევად და პრობლემად კანონის უზენაესობის კუთხით. თუ ეს აწუხებს უმრავლესობას, არ ვიცი მონა-მორჩილ უმრავლესობას რა უნდა ვუპასუხო, მაგრამ ეს არის საჯაროობისთვის, იმიტომ რომ აუდიო საუბარი იწერება. ვიმეორებ, მე მოვითხოვ, რომ სხდომა იყოს საჯარო და ღია, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ამის გამო მოვითხოვეთ მეც და ჩემმა მეგობრებმაც, რომ გამოკითხვა მაგისტრატ მოსამართლესთან ყოფილიყო", - აცხადებს დეკანოიძე.

მისივე განმარტებით, გავრილოვის პარლამენტში ყოფნის კადრები სოციალურ ქსელში ნახა, რის შემდეგაც აგარაკიდან ჩამოვიდა.

"როცა სოციალური ქსელით ვიხილე გავრილოვის წამოსკუპება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, აგარაკზე გახლდით მშობლებთან და ბავშვებთან ერთად და სწორედ იმ წუთიდან ჩამოვედი კახეთიდან თბილისში. პარლამენტის წინ ვიყავი, ჯერ უკან. იქ იყო აქცია, მაგრამ იქ დაირღვა ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, ვინაიდან პარლამენტის შენობაში არ შეგვიშვეს ის ადამიანები, ვისაც ადმინისტრაციული საშვები გვქონდა. 7 საათზე, როცა აქცია იყო დაანონსებული, პარლამენტის წინ ჩამოვედით. იქ გათენებამდე ვიყავი. ჩემი ოჯახის წევრები მოვიწამლეთ, მეც და ჩემი შვილიც ორივე, ამიტომ კარგად ვიცი რა ხდებოდა, რა ძალადობას ჰქონდა ადგილი გახარიას უწყების მხრიდან", - აცხადებს დეკანოიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო