ნიკა მელია - 24 დღის განმავლობაში, პროკურატურის წარმომადგენელი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით მოგვითხრობს ერთი და იგივე ამბავს

24 დღის განმავლობაში, პროკურატურის ერთი და იგივე წარმომადგენელი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით მოგვითხრობს ერთი და იგივე ამბავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განუცხადა. მელიას თქმით, პროკურატურას და ხელისუფლებას მის მიერ გავრცელებული კადრებით ჩამოენგრათ ის პროპაგანდა, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ეწეოდნენ.

„მთელი ამ 24 დღის განმავლობაში, პროკურატურის ერთი და იგივე წარმომადგენელი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ამბავს. უბრალოდ პროკურატურას ჩამოენგრა მთელი ის პროპაგანდა, რომელსაც იგი ეწეოდა, ვიდრე ჩემი კადრები გავრცელდებოდა. მათი პროპაგანდა გულისხმობდა, რომ დარბევა და დევნა დილის 6 საათამდე, თვალების ამოთხრა, სისხლი იმიტომ დაიღვარა, რომ თურმე დადგა მყისიერი საფრთხე პარლამენტის შენობაში შეჭრის მომიტინგეების. თუმცა ამის საპირისპირო დაადასტურა ჩემს მიერ გავრცელებულმა უწყვეტმა ვიდეო მასალამ, სადაც ნათლად ჩანს, რომ იმ დროს როდესაც ჩვენ შევდიოდით მოსალაპარაკებლად ბახტაძე-გახარიასთან, მათივე ინიციატივით, არანაირი შეხლა-შემოხლა არ იყო პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი. ყველანი იყვნენ მოლაპარაკებაზე შესვლისა და იქიდან ჩვენი გამოსვლის მოლოდინში, რა დროსაც დაიწყო ის, რაც დაიწყო. ამ ყველაფერმა ჩამოანგრია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომლის სათავეში დგას ისრაელში დაქირავებული პიარ-ტექნოლოგი. მთელი სამი დღე დასჭირდა პროკურატურას, რომ რაიმე სახის პასუხი გაეცა ჩემთვის და ვიხილეთ დღევანდელი პასუხი, რომლიც იყო საუბარი საუბრისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს მის წინააღმდეგ მტკიცებულება და აღარაფერი დარჩენია, გარდა არადამაჯერებელი ბრიფინგის ჩატარების.

„წარმოუდგენელ თეორიებს თხზავენ თითქოს იმ დროს როდესაც მელია მშვიდობიანად საუბრობდა და ემზადებოდა გახარია-ბახტაძესთან შესასვლელად, იქ, სადღაც ფლანგებზე იყო შეხლა-შემოხლა. 9 წუთიანი უწყვეტი ვიდეო მასალაა, ვდგავარ იქ, სადაც 5 მეტრია დაშორება პოლიციის კორდონიდან და თუკი ჩემს ზემოთ შეხლა-შემოხლა იყო, ან ხმას ვერ გავიგებდი, ან კადრში არ მოხვდებოდა, ან ელემენტარულად თავს არ ავწევდით ზემოთ? პროკურატურას არ აქვს მტკიცებულება და მათ აღარაფერი აღარ დარჩენიათ, გარდა ამ არადამაჯერებელი ბრიფინგის ჩატარების, სადაც ნათლად თქვეს მიზანი რატომაც ჩაატარეს ეს ბრიფინგი, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ მელია და მისი უფლებების დამცველიო. როგორც ჩანს, ისინი შეწუხებულები არიან იმ რელობით, რომელიც დაინახა მთელმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც ჩემს მიერ გავრცელდა კადრები. ახლა არიან საგონებელში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება განცხადებას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებული კადრები პროკურატურის მტკიცებულებაა, მელიამ აღნიშნა, რომ ეს კადრები პროკურატურას არ ჰქონდა გაშიფრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ადვოკატს ამას არ გადასცემდნენ.

„მთელი 20 დღის განმავლობაში ამ ვიდეომასალის მოპოვების მცდელობით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ამაოდ. სრულიად შემთხვევით 18 საათიანი ვიდეომასალა პროკურატურამ გადასცა ჩემს ადვოკატს. როგორც აღმოჩნდა, ეს მასალა პროკურატურას არ ჰქონდა გაშიფრული და ამ 18 საათიან მასალაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტელეკომპანია „იმედის“ შავი მასალა, რომელიც ეთერში გასული არ იყო და ამ მასალის ნაწილი ავტვირთეთ ჩვენ. ამ ყველაფერს ძალიან დიდი საქმეების გარჩევა მოყვა პროკურატურაში. პროკურატურა აბრალებს ტელეკომპანია „იმედს“, „იმედი“ კი არაფერ შუაშია და ამას ეუბნება კიდეც მათ. პროკურატურას არ შეუმოწმებია ეს კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დამიმალავდნენ მას. ამიტომ პროკურატურას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ თქვას - ეს მასალა ჩვენ თვითონ გადავეცით მელიასო. დიახ მათ პირადად გადმომცეს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ რაზე იყო საუბარი ამ მასალაში და დამატებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას და მისი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ვიდეო მასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს, დაცვის მხარემ კი მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეო მასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა