გიორგი ბარამიძე ნიკა მელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში სოფო ვერძეულის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის ათი საათიდან აქცია გახდა ძალადობრივი.

„სინამდვილეში აქცია იყო მრავალათასიანი, ხოლო პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა დაახლოებით ასამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) მომიტინგე. მხატვრის სახლთან და გამზირზე მდგომ ადამიანებს არათუ ძალადობრივი განზრახვა არ ჰქონიათ, არამედ არც კი იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ზემოთ. არ ისმოდა რუპორის ხმა, არ იყო დამონტაჟებული მიკროფონი, ეკრანი და დინამიკები.

თუ დავიჯერებთ, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, მაშინ ხელისუფლებას მართლაც ჰქონია ლეგიტიმური უფლება, დაეშალა მომიტინგეები. მაშინ გახარიას გადადგომის მოთხოვნა (რომელსაც "ობიექტურობისთვის" აყენებს სტატუსის ავტორი) კიდევ უფრო სადაო ხდება.

სინამდვილეში, რეალობა არის შემდეგი:

1. ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა სპონტანური პროტესტის სიმძაფრე და უნდა გადაეყენებინა თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე;

2. შსს-ს არ უნდა გამოეყვანა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის რკინის ღობის გარეთ და ამით არ უნდა მოეხდინა მომიტინგეებთან ფიზიკური შეხების პროვოცირება;

3. ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე;

4. ხელისუფლებას არ უნდა დაერღვია პირობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შესახებ და ცრემლსადენი გაზი არ უნდა ესროლათ მიტინგის უკანა რიგებში, საიდანაც არავითარი ძალადობრივი საფრთხე არ მოდიოდა;

5. პოლიციას არ უნდა დაეწყო მიტინგის დაშლა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო გაფრთხილების გარეშე;

6. პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისეთი ტყვიები, რომლებიც აღწევს სხეულში და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას;

7. პოლიციას არ უნდა ესროლა რეზინის ტყვიები თავის არეში, თვალებში და ახლო მანძილიდან“, - წერს ოთარ კახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა