ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “გაბუნიას ტელეეთერი გავრილოვის ვიზიტით დაწყებული კომბინაციის გაგრძელებაა”

„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება

ლევან ალაფიშვილი - “ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “გაბუნიას ტელეეთერი გავრილოვის ვიზიტით დაწყებული კომბინაციის გაგრძელებაა”

“რუსთავი 2”-ის პარტნიორთა კრებამ მხარი არ დაუჭირა ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას - ამის მთავარი მიზეზი თურმე არხის “დომინანტი პარტნიორების” მოსაზრებაა, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგით არხის დისკრედიტაცია კი არ მოხდა, პირიქით, რეიტინგმა მოიმატა… ასეთი უმსგავსი რამ არასოდეს გამიგონია. ნებისმიერ ქვეყანაში ამგვარ განცხადებას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, აუცილებლად მოჰყვებოდა უპირველესად სწორედ ტელევიზიის აქციონერების მყისიერი და მკაცრი რეაქცია. ჟურნალისტიკასაც ხომ აქვს თავისი წესები და ნორმები?! ამგვარი ქცევა უპირველესად ვნებს საქართველოს, გარდა იმისა, რომ ყოვლად მიუღებელია ეთიკურად და ზნეობრივად…” - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გაბუნიას ტელეეთერი გავრილოვის ვიზიტით დაწყებული კომბინაციის გაგრძელებაა” / “რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საკითხს, რაც ფაქტია და ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ეს იყო პარლამენტის შენობაში შეჭრის არაერთგზის მცდელობა, რაც შეიძლება გადატრიალების მცდელობადაც ჩაითვალოს”.

“ბევრი ვერსია გამოითქვა, რას შეიძლება განეპირობებინა გაბუნიას ქცევა. ერთ-ერთია სტრასბურგში “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, რომლის ვერდიქტიც 18 ივლისს უნდა გამოცხადდეს. არ არის გამორიცხული, “ნაციონალებმა” იციან სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსი, ანუ იციან, რომ შესაძლოა მოუწიოთ არხის დაკარგვამ და ახლა ყველაფერზე მიდიან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან კიდევ უფრო დიდი და ბინძური პროვოკაციაც იყო ჩაფიქრებული. ცხადია, რომ "რუსთავი 2"-ში ყველაფერს სწორედ მიხეილ სააკაშვილი წყვეტს, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავთ - რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ განაცხადა, შესაძლოა გაბუნია მიხეილ სააკაშვილის კი არა, კრემლიდან გაცემული ბრძანების შესაბამისად მოიქცაო - არსებობს ეჭვი, რომ მომხდარი საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის დაგეგმილი მრავალსვლიანი კომბინაციის ნაწილიც არის. ჩემთვის უდავოა, რომ ამ პროცესში გარკვეული პირდაპირი თუ ირიბი კავშირი კრემლთან არსებობს. გაბუნიას ტელეეთერი არის აშკარად გაგრძელება იმ კომბინაციისა, რომელიც გავრილოვის ვიზიტით დაიწყო. ამიტომაც უპირველესად გამოსაკვლევია, როგორ მოხვდა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, ეს არის “რუსმაისტერული” კომბინაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ფაქტია, პუტინი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, თუმცა სუსტი სტრატეგი. მოკლევადიანი პერსპექტივით თუ შევხედავთ, კრემლმა ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად რაღაც მიზანს მიაღწია, თუმცა ყველაფერს აქვე ორი მხარე. წესით, კარგად დაინახეს ისიც, რა უკუეფექტი მოჰყვა საქართველოსთან ფრენების აკრძალვასა და საკუთარი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას. თავად რუსეთშიც აიტაცეს ლოზუნგი “ზაფხული გავატაროთ საქართველოში”. ამას მოჰყვა გამოხმაურება ევროპასა და აშშ-შიც. გარდა რუსეთიდან ტურისტული ტრაფიკის შეზღუდვისა, რუსეთის სათათბირომ ელვისებურად იმოქმედა და საქართველოსთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა, რასაც საქართველოში სრული პანიკა მოჰყვა. შედეგად, ყველამ ვნახეთ, რამდენიმე საათში ეროვნულ ვალუტას რა დაემართა... საბოლოოდ სანქციების დაწესება პუტინმა მიზანშეუწონლად ჩათვალა, მაგრამ ხომ ფაქტია, ამით კრემლმა სცადა ეჩვენებინა, რა მარტივად შეუძლია ჩვენთან ვითარების არევა. ესეც სპექტაკლი იყო. ვინმეს სჯერა, რომ რუსეთის დუმა ამ გადაწყვეტილების მიღებას პუტინის გარეშე გაბედავდა?! ისე მოიქცნენ, როგორც ბრალდებულის დაკითხვისას ცუდი და კარგი გამომძიებლები იქცევიან ხოლმე - გვაჩვენეს ჩვენც და აჩვენეს თავის მოსახლეობასაც, თუ რაოდენ კარგი და გულმოწყალეა პუტინი. დაახლოებით ამის თქმა სცადეს _ ქართველებო, პუტინი რომ არ იყოს, რა გეშველებოდათო, რაც ძალიან სასაცილოა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება საქართველოს ისტორიის გამოგონილ ვერსიას, პუტინი მოჰყვა არა რეალურ ფაქტებს, არამედ თავისივე შეკერილი ისტორიის ისტორიას. ეს არის საზოგადოების “დაბოლების” კომუნისტურ-ბოლშევიკური, ლენინის მიერ მოგონილი მეთოდი. თუმცა ეს არ არის საკითხი, რომელიც უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიცია, რომ ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ მეცნიერებმა და წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული ვერსია, რომლითაც გაცამტვერდება პუტინის მითები, სწორია. ისე, სწორედ ამგვარ მახინჯ მითოლოგიას დაეფუძნა თავის დროზე ფაშიზმი და არ არის გამორიცხული, მალე რუსეთში ახალი ნეოფაშიზმიც იშვას. ეს სახიფათო მოვლენაა, რასაც ძალიან მშვიდად და ცივი გონებით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. 28 წელია, რუსეთი ცდილობს საქართველოში ქაოსის შექმნას და ქვეყნის საკუთარ გავლენაში მოქცევას, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩემი აზრით, რაც უნდა მოინდომოს, საქართველოში პროდასავლურ განწყობებს ვეღარაფერს მოუხერხებს. თავის მხრივ, ევროპაშიც მეტად დაფიქრდებიან. ვნახეთ, ბათუმში ახლახან გამართულ კონფერენციაზე რა განცხადებები გაკეთდა - პირდაპირ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. იცით, რაშია საქმე? ჩემი აზრით, მოვლენები ისე განვითარდება, როგორც საჭიროა, როგორი ზიანიც უნდა მიაყენოს ჩვენი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის უგუნურმა ქმედებებმა ქვეყანას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ისა და ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - განმარტავს ექსპერტი.

“ერთხელ უკვე ვთქვი - გახარიას ადგილას აქციის დაშლის მეორე დღესვე გადავდგებოდი-მეთქი და ახლაც ამ აზრზე ვარ. სხვათა შორის, თქვენთან წინა ინტერვიუში ისიც ვთქვი, რომ ვითარების განმუხტვის საუკეთესო გზა იქნებოდა მთავრობის გადადგომა და ეს ჯერ კიდევ არ არის გვიან. ასე მარტივად მოხერხდებოდა პროცესების დარეგულირება. სხვა შემთხვევაში, ეს დაძაბულობა, ალბათ, კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების საკითხს, რაც ფაქტია და ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, ეს იყო პარლამენტის შენობაში შეჭრის არაერთგზის მცდელობა, რაც შეიძლება გადატრიალების მცდელობადაც ჩაითვალოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ძალის გამოცდილებას, რომელიც აქციას ორგანიზატორობდა. ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც 2003 წელს ერთხელ უკვე აიღო შტურმით პარლამენტის შენობა. თუმცა სამართლებრივად ამას სჭირდება უფრო მეტი მტკიცებულება. შს მინისტრი ამბობს, რომ აქვთ მტკიცებულებები, მაშინ საჭიროა მათი დროული გამოქვეყნება, რათა საზოგადოებამ ნახოს სრული სურათი”, - მიიჩნევს სანდრი თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “გავრილოვის პარლამენტში გამოჩენის შემდეგ პროტესტი ისეთი სპონტანური იყო, ცოტა წარმოუდგენელია, ვინმეს ასეთ მოკლე ვადაში მოეხერხებინა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა” – პასუხობს:

“საქმე ის არის, რომ იმ ტიპის პოლიტიკოსები, როგორსაც “ნაცმოძრაობაში” ვხედავთ, ნებისმიერ სპონტანურ პროცესს სათავისოდ იყენებენ და მაქსიმალურ რადიკალიზაციაზე მიდიან…”

„ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება

20 ივნისის ღამის შემდეგ დღემდე, რა პოლიტიკური ვითარება მივიღეთ, ამ მოვლენებმა რა პროცესების განვითარებას მისცა ბიძგი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, “რეზონანსი” ანალიტიკოსებს ესაუბრა. “ცდილობენ, რომ გახარია სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ამოაგდონ და ეს ინტერესი შეიძლება, ოპოზიაციას კი არა, “ქართულ ოცნებაში” მყოფ პოლიტიკოსებს ამოძრავებდეთ, რადგან გახარია კონკურენტია. როდესაც ინტერესთა თანხვედრა ხდება, მოქმედებების შეთანხმებაც ადვილად ხერხდება-ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ 20 ივნისის მოვლენები გახარიასთვის დაგებული ხაფანგი იყოს”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “გავრილოვის ღამეზე” საუბრისას. ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მხარეთა დაპირისპირების შედეგად კიდევ უფრო მძიმე ვითარებას მივიღებთ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ცდილობენ, გახარია ხელისუფლებიდან ამოაგდონ - ვის სურს “ოცნებაში” შს მინისტრის მოშორება.

„ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა; 20 ივნისის ღამე გარკვეული წყალგამყოფი გახდა, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის. მოწოდებებს, ღირებულბებზე აქცენტის გაკეთებასა და იმ რეალობას შორის, რა რეალობის წინაშეც ეს ქვეყანა დადგა, ვგულისხმობ დარბევას. რაც მოხდა, ამ ფაქტორმა წარმოაჩინა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება. ამ მომენტისათვის საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რადგან, ფაქტობრივად, ორი დაპირისპირებული მხარე ყალიბდება”, - აღნიშნა ძაბირაძემ. რამაზ საყვარელიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ შს მინისტრს თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ებრძვიან, რადგან იგი კონკურენტად არის აღქმული. “გახარიას მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონია და ახლაც გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც მისივე ინიციატივით ოპოზიციის წარმომადგენლებთან დიალოგი უნდა შემდგარიყო. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მხოლოდ გახარია არ იყო 20 ივნისის ღამის შემომქმედი. შესაძლოა, იქ სხვა მოქმედი პირებიც იყვნენ”, - განაცხადა საყვარელიძემ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის კუთხით მიღებულ შედეგებს, ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიიღო, თუმცა, მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება საგარეო ვითარებას, რუსეთის განცხადებები, ბუნებრივია, მოულოდენი არ ყოფილა. რუსეთი ყოველთვის აკეთებდა ასეთ განცხადებას. ემბარგოს საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მცდელობა იყო, თუმცა, როგორც ვიცი, ახლა იმაზეც კი არის საუბარი, რომ ფრენები ისევ აღდგეს. გარკვეული რყევები ამან გამოიწვია, უფრო ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან გაჩნდა ხიფათი, რომ ეკონომიკურად ქვეყანა დაზარალდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კალაპოტში დგება. ზოგადად, პოლიტიკაში კატასტროფული ცვლილებები არ არის, მაგრამ რეალურად ორი ურთიერთდაპირიპირებული ძალა იკვეთება. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს”, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის რბილი ძალა დღესაც მუშაობს. მისი თქმით, პუტინი ცდილობს ქართველების გულის მოგებას, თუმცა, ასევე საქართველოს ისტორიას ამახინჯებს, რაც არანაირ თანხვედრაში არ მოდის”, - განაგრძობს გამოცემა.

“არსებობს ევროპული და რუსული მიმართულება. 20 ივნისიდან ბევრი რამ მოხდა ამ მიმართულებით. მივიღეთ ვითარების გამწვავება და ავიარეისებისა თუ ტურისტების კუთხით შეზღუდვები. პუტინის მხრიდან კი მივიღეთ მანევრი, პირადად მან ქართველებზე ერთგვარ შურისძიებაზე უარი განაცხადა, რაც საინტერესო და მოულოდნელი იყო მისი მხრიდან, თუმცა ამან არ უნდა შეგვყვანოს შეცდომაში. ამ შედეგმა დაგვანახა, რომ პუტინის პოლიტიკა ისევ არის რბილი ძალა, ოღონდ უფრო დახვეწილი ტექნიკით, რომელიც მიმართულია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაზე. თუმცა ამასთანავე მან ისეთი ტექსტი მოაყოლა საქართველოს ისტორიის შესახებ, რომ მგონი თვითონ ვერ ხვდება, ეს ორი ერთად თანხვედრაში არ მოდის. როგორც ვნახეთ, ამას მოჰყვა პარტნიორერის გააქტიურება და საქართველოს უფრო მეტი მხარდაჭერა”, - დასძენს გამოცემასთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლევან ალაფიშვილი - “ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო”

“შეგნებული პაუზის შემდეგ მოვისმინეთ გახარიას განცხადება, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ფიგურაა, პრემიერზე ძლიერიც, რადგან ის არის ვიცე-პრემიერი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და შს მინისტრი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელია, რაც მოხდა და რაც ხდება. გახარიას ხელი მიუწვდება გამოძიების საიდუმლოებაზე და როდესაც პოლიტიკურ ოპონენტზე ამბობს რაღაცას და არ მიაყოლებს არგუმენტს, უხერხულია”, - აცხადებს ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო” / “გახარიას განცხადებაში დავინახე პოზა - მე ვარ თავდაჯერებული, ძლიერიო და ამას ის ახალგაზრდები უყურებენ”.

“მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილება და საზოგადოების ყურადღების გადატანის მაგალითი იყო გახარიას განცხადება - ფილარმონიასთან, მელიქიშვილზე, უკვე დაშლილი აქციის მონაწილეებთან კავშირი ჰქონდათ პოლიტიკოსებსო - ეს რა კავშირი იყო, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. მის განცხადებებში ჭარბად იყო ინტერპრეტაციები, თავისი პოზიციები და არა ფაქტები. ვერაფერი მოვისმინეთ პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც. მთლიანი სისტემა ჩამოინგრევა, თუ საშუალო რგოლის პასუხისმგებლობისკენ წავლენ, რადგან პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურები განსაკუთრებული იერარქიაა და მგრძნობიარეა ისეთი შემთხვევების მიმართ, როგორიცაა შერჩევითი პასუხისმგებლობა. მაშინ როდესაც პოლიციელმა ყველაზე კარგად იცის, ვინ გასცა ბრძანება, ვის უნდა შეეჩერებინა ის, თუკი კანონს არღვევდა. რაც მთავარია, მეგონა, ბრძანების გაცემის შესახებ რამეს იტყოდა - თქვა, რომ მან გასცა ყველა ბრძანება, მაგრამ არ უთქვამს, იქ რომ ანზორ ჩუბინიძე მოქმედებდა, ის გახარიას ბრძანების შემსრულებელი იყო?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“თუ კანონდარღვევა ხდებოდა, მაშინ რა ქნა შს მინისტრმა, რატომ არ აღკვეთა მისი ხელქვეითების ქმედება? პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და იმსჯელონ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე. უნდა გამოიკვეთოს როგორც პოლიტიკური, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში ვერც იმას გავიგებთ, სინამდვილეში რა მოხდა და ამავე დროს მივიღებთ დამძიმებულ პოლიტიკურ ვითარებას. მისმა ინტერვიუმ, მათ შორის, როცა ელჩებზე ისაუბრა, უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ამბობს, რომ პარლამენტიდან უყურებდნენ ის და ელჩები ამ მოვლენებს, მაგრამ ირკვევა, რომ ელჩები კი არა, ერთი ელჩი ყოფილა. ისიც ამბობს, პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობასთან ვიყავი და სულაც არ ვერეოდი ამ ყველაფერშიო. კურიოზული ვითარებაა, ერთი დეპუტატი სახლში ჰყავთ დატყვევებული, 4 დააკავეს და თურმე ეს სახელმწიფო გადატრიალებაა. უბრალოდ, ჰაერში გამოკიდეს ეს მუხლი, ეს ემოციური ფონის შექმნისა და პასუხისმგებლობის შემცირების მცდელობაა”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე – “შს მინისტრი ამბობს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს…” - პასუხობს:

“ჯერ ერთი, მას გამოძიებას არავინ ეკითხება, სხვა უწყება იძიებს. გარდა ამისა, გულში მჯიღის ცემით ამბობდნენ, რომ გამოიძიებდნენ თუნდაც საბურავების საქმეს, უკრაინული “ვიკილიქსის” საქმეს, ახლა, მგონი, იმ საქმეებს ვეღარც პოულობენ, ისე შორეულ თაროზე შემოდეს. იმავე ბედს გაიზიარებს ეს საქმეც - ძნელია ამ მუხლით საქმის გამოძიება, მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება. ამის მოპოვება არც ისე ადვილია.­ რაც მთავარია, ასეთი დანაშაული მყისიერად არ იგეგმება, მით უმეტეს, არ ხორციელდება”.

“რაც შეეხება მის განცხადებას, რომ არ გადადგება, ამაზე ძლიერი "რკინის კაცები" გვინახავს საქართველოს პოლიტიკაში, რომლებიც ბეჭებზე დადებით ემუქრებოდნენ ვიღაცებს, მაგრამ გამქრალან არა მხოლოდ პოლიტიკიდან, ისტორიის ფურცლიდან და საქართველოდანაც: გვახსოვს კახა თარგამაძეც, გიორგაძეც, კიტოვანიც, ადეიშვილიც და სხვებიც, ბევრმა თავის პოლიტიკურ სამშობლოს მიაშურა, გაიქცნენ აქედან. გახარიას განცხადებაში მე დავინახე პოზა - მე ვარ თავდაჯერებული, ძლიერიო და ამას ის ახალგაზრდები უყურებენ. გახარიას შელახული იმიჯისგან გამომდინარე საინტერესო აღარც არის მისი ინტერვიუ. ყველას აინტერესებდა არა ის, რას იტყოდა - ისედაც ყველამ იცოდა, რომ თავს იმართლებდა, არამედ დაგვენახა, რამდენად იყო მასში სინანული, რამდენად იყო ადეკვატური საზოგადოების განწყობის. მან კი გვაჩვენა, რომ მისთვის პოლიტიკური, პარტიული და პერსონალური საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ჩვენმა ახალგაზრდობამ 20 ივნისის შემდგომ შეცვალა მოცემულობა, რაც დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და მყარდებოდა. ვგულისხმობ პროტესტის გამოხატვის ფორმებს, თემას, რაზეც რეაგირებენ. რამდენად პრინციპულები, კანონმორჩილები და თანამიმდევრულები არიან... მიტინგის დაშლას თავისი წესი აქვს, უნდა განუმარტო საზოგადოებას, თქვენ მშვიდობიანი მიტინგის საზღვრებს გადახვედით და დაიშალეთო. ეს წერია კანონში. თუ ძალადობა იყო, სამართალდამცავებს ჰქონდათ ფიზიკური და სამართლებრივი საშუალება, დაეკავებინათ დამრღვევები და თუკი იყო ასევე მიტინგის დაშლის აუცილებლობა, საჯაროდ განეცხადებინათ, რომ დაშლიდნენ აქციას, რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ. ეს დაშლა კი არა, ომობანას თამაში იყო - ესროდნენ და აძლევდნენ საშუალებას, უკან მობრუნებულიყვნენ. ჩვენ ვიხილეთ ისიც, როცა სპეცრაზმელს კონკრეტულად მიუთითებდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბრძანება არც გაცემულა ან გასცემდა რამდენიმე, თანაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრძანებებს. ესეც გახარიას პასუხისმგებლობაა და ასევე პრემიერისაც”, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

“თუკი ვინმეს აზიანებს მინისტრის პოსტის შენარჩუნება, ეს ხელისუფლებაა. რატომ ვერ ელევიან? სავარაუდოდ, გახარიას შემცვლელი არ არსებობს. ეს შემთხვევითი ფიგურა არ არის. განსაკუთრებით კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ მას ვიღაც აძლიერებდა. გავიხსენოთ მმართველ ძალაში - წონიანი ფიგურა - თბილისის მერი, რომელსაც ზომიერების გრძნობა არ ღალატობს, მას ხალხის მანდატი უდევს ჯიბეში და ასე ადვილად ხელს ვერავინ მოჰკიდებს. ის იქნება ის ადამიანიც, რომელსაც პრემიერობის ამბიციაც ექნება. პარტიული თვალსაზრისით გახარიას გაწირვა კახა კალაძის უსაზღვროდ გაძლიერებას ნიშნავს. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ გახარიას ვერ ელევიან, ის არის, რომ კალაძის საპირწონე ფიგურა პარტიაში არ არის”, - დასძენს ექსპერტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა