ნაზი ჯანეზაშვილი - დღეს ვისაუბრებ ერთ-ერთი მოსამართლის წარსულზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით

მე დღეს ვისაუბრებ ერთ-ერთი მოსამართლის წარსულზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც აქამდე არ მისაუბრია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამ წუთებში საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება.

ჯანეზაშვილის თქმით, კანდიდატების შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, რადგან 50 კაციანი სიის შერჩევისას, საბჭოს წევრები 45 ადამიანზე წინასწარ შეთანხმდნენ.

ამასთან, ჯანეზაშვილის ინფორმაციით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტიც, რადგან 50 კაციან სიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იუსტიციის საბჭოს წევრების ნათესავები არიან.

„მთელი ეს პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს აშკარა პროცედურული დარღვევები და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იუსტიციის საბჭოს ათი წევრი, სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმდა და ისე მიიღეს გადაწყვეტილება, ვისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასებები სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

მე დღეს ვისაუბრებ ერთ-ერთი მოსამართლის წარსულზე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც აქამდე არ მისაუბრია. თუ კონკურსი სწორად და მიუკერძოებლად მიმდინარეობს, მაშინ როგორ მოხვდა ეს ადამიანი 50 კაციან სიაში. ასევე, კითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ ძველი 10 კაციანი სიიდან 7 ადამიანი ისევ სიაშია.

როგორც ვხვდები, 45 ადამიანზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული და ის 5 ადამიანი, რომელიც 3 ხმით გადავიდა შემდგომ ეტაპზე, ასე ვთქვათ გადმოგვიგდეს ჩვენ. თქვენ იმ სიაში ამოიკითხავთ მოქმედი მოსამართლეების ისეთ გვარებს, რომ იფიქრებთ საერთოდ რა შუაშია ეს ადამიანიო. მთელი უბედურება იმაშია, რომ ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წინასწარ ხდება გარიგება.

ასევე, პრობლემურია ის თემა, რომელიც უკავშირდება ახლო ნათესავებს. როდესაც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და სიაში მოხვდა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ცოლის ძმა, მეორე წევრის მაზლი, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება. მათ აცილების საკითხი არ დაუყენებიათ და არც მიაჩნიათ ეს საჭიროდ. მათ პრობლემად არ მიაჩნიათ ამგვარი ნეპოტიზმი. საერთოდაც არ აინტერესებს ამ კლანს, რომ პროცესს ჰქონდეს ნდობა, რადგან მათთვის მთავარია ის ხალხი გაიყვანონ სიაში, ვინც მათ ინტერესშია,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე განცხადებით, არ არის აუცილებლობა, რომ უზენაესი სასამართლოს 20-ვე მოსამართლე ამ მოწვევის პარლამენტმა აირჩიოს. მისი თქმით, 5-6 მოსამართლის არჩევითაც უზენაესი სასამართლო მეტ-ნაკლებად გამართულად იმუშავებს, როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, თუ საბჭო კარგ კანდიდატებს არ წარუდგენს პარლამენტს, მას ერთადერთი შანსი - მათი ჩაგდება რჩება.

"თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ წარმოადგინა კარგი კანდიდატები, პარლამენტი ვისზე გააკეთებს არჩევანს? პარლამენტს რჩება ერთადერთი შანსი, რომ ჩააგდოს ეს კანდიდატები. ესეც არჩევანია და ვნახოთ, პარლამენტი რას იზამს, მაგრამ კარგი კანდიდატები უნდა მოდიოდნენ პარლამენტში. მე როგორც საბჭოს წევრს, სწორედ ეს მაღელვებს,"- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს