ვახტანგ ძაბირაძე - ოთარ კახიძემ ნიკა მელიას საქციელს სწორი შეფასება მისცა - უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან შენიშვნის მიღება

როგორი კონტექსტითაც არ უნდა ეთქვა მელიას მიტინგზე მეგაფონით ის, რაც თქვა, ეს იყო ყველა ვარიანტში დიდი პოლიტიკური შეცდომა - თუ მეტი არა. ჩვენ ყველანი მიუხედავად სიმპათიებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან შენიშვნის მიღება, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების - ოთარ კახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მელია და მისი გუნდი კახიძისგან სიცრუის თქმას ითხოვს იმ არგუმენტით, რომ ამას მოწინააღმდეგე მხარე გამოიყენებს, თუმცა შეუძლებელია მელიას გამოსვლა სხვაგვარად აღქმულიყო და კახიძემ მელიას საქციელს სწორი შეფასება მისცა.

„ის, რასაც ოთარ კახიძე აცხადებს, ყველამ ტელევიზიით ისედაც იხილა და შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მელიას განცხადება იყო პროვოკაციული. ეს პროვოკაცია გამოიყენა ხელისუფლებამაც და პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო არასწორი. არც ერთი ვერსიით, როგორი კონტექსტითაც არ უნდა ეთქვა მელიას ასეთი რამ მიტინგზე მეგაფონით, ეს იყო ყველა ვარიანტში დიდი პოლიტიკური შეცდომა - თუ მეტი არა. ჩვენ ყველანი მიუხედავად სიმპათიებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან შენიშვნის მიღება. კრიტიკაც უნდა მოვითმინოთ. თუ კახიძე ამას არ იტყვის, ეს მელიას საქციელს რამენაირად ამართლებს? „ნაციონალები“ ისეთ საუბარს აწარმოებენ, რომ რადგან საერთო მტერი ჰყავთ, ეს შეცდომა უნდა დაიმალოს. ხვალ რომ ისეთ შეცდომას დაუშვებს მელია, რომელიც დასამალი აღარ იქნება, მერე როგორ მოიქცევა? მელია და მისი გუნდი ითხოვს კახიძისაგან სიცრუე თქვას, ან უკეთეს შემთხვევაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთოს, იმის არგუმენტით, რომ ამას მოწინააღმდეგე მხარე გამოიყენებს. სჯობს, მელიამ თვითონ შეაფასოს თავისი ნათქვამი. შეუძლებელია ეს სხვაგვარად აღქმულიყო. ამ შემთხვევაში მგონია, რომ კახიძემ სწორი შეფასება მისცა მელიას საქციელს,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. “ევროპულ საქართველოს“ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უპასუხა.

„მათი განცხადებები, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის“, - განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო