საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის განიხილავენ პრემიერ-მინისტრის, გენერალური აუდიტორის და გენერალური პროკურორის ანგარიშებს.
რეგლამენტის გათვალისწინებითა და ბიუროს მიერ დადგენილი ვადების მიხედვით, პრემიერის, სახელმწიფო აუდიტორის, გენერალური პროკურორისა და ასევე, ომბუდსმენის მოსმენა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო, თუმცა სესია ისე დაიხურა, რომ ისინი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ წარმსდგარან. გენერალური აუდიტორისა და გენპროკურორისთვის ჯერ არც წამყვან კომიტეტებში მოუსმენიათ.
აღნიშნულს მმართველ გუნდში ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენებით ხსნიან, რამაც მათივე თქმით, პარლამენტის დღის წესრიგი და მუშაობის გრაფიკი შეცვალა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიმართება, შეთანხმდება თარიღები და ანგარიშების განხილვა აუცილებლად მოხდება.
ამასთან, ოხანაშვილის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოსმენის ვადამ, რაც 24 ივნისით იყო განსაზღვრული, ბიუროს გადაწყვეტილებით, საშემოდგომო სესიისთვის გადაიწია.