„საერთაშორისო გამჭვირვალობა“- გეგა გეგეშიძის მოსვლის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი გახდა - პროცესებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, - ამ რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იძლევა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიდაობის ფედერაციის მაგალითის განხილვის საფუძველზე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სპორტული ფედერაციების დაფინანსების პოლიტიკა გადახედვას საჭიროებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, უშუალოდ ინციდენტის გარდა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობაზე ისაუბრა. 25 იანვარს დათუნაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა პრესკონფერენციაზე ფედერაციაში პროტექციონიზმზე, ფინანსურ დარღვევებზე და მრავალათასიან პრემიებზე განაცხადეს.

ორგანიზაციის შეფასებით, მათ მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან იკვეთება კორუფციის და თანხების არამიზნობრივი განკარგვის ნიშნები, რითაც, გარდა პროკურატურისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც უნდა დაინტერესდეს.

კერძოდ, TIG მიუთითებს, რომ როგორც დათუნაშვილის მონათხრობით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ირკვევა, : 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის იანვარში ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა 26 974 - 26 974 ლარის, ხოლო პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს. ეს ოდენობები მრავალგზის აღემატება სხვაზე გაცემულ პრემიებს, რაც კორუფციის კუთხით ეჭვებს აჩენს.

ფედერაციამ 4 წლის განმავლობაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის დის სასტუმროს, გაწეული მომსახურებისთვის 1 600 000 ლარი გადაურიცხა.

დათუნაშვილის თქმით, მოჭიდავეები სპორტული მიღწევების შედეგად მიღებულ ჯილდოს პირველ და მეორე მწვრთნელებს უყოფენ, ხოლო ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად მითითებული, ამას ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე წყვეტს.

ამას გარდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ფედერაციის პრეზიდენტის შეუზღუდავი ძალაუფლებასა და საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

„ თამაზ (გეგა) გეგეშიძის მოსვლის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი გახდა. ფედერაციის ყრილობებს შორის, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, ფედერაციის პრეზიდიუმი ერთადერთი ორგანოა, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზღუდავს და პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებაც შეუძლია. 2017 წელს შეიცვალა წესდება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი თავად ნიშნავს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრების ⅔-ს (მანამდე პრეზიდიუმის მთლიან შემადგენლობას ფედერაციის ყრილობა ნიშნავდა), ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას, ასევე, ხმათა ⅔ სჭირდება (მანამდე უბრალო უმრავლესობაც საკამარისი იყო), რაც პრეზიდიუმს ფედერაციის პრეზიდენტზე სრულიად დაქვემდებარებულ ორგანოდ აქცევს და ამით ფედერაციის მმართველობითი სისტემის დემოკრატიულობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

ჩვენთვის მოწერილი წერილის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია ფედერაციაში გაცემული პრემიების თაობაზე, რადგან სპორტის განვითარების ხელშეწყობის საბიუჯეტო პროგრამით ფედერაციის თანამშრომლების მხოლოდ ხელფასის ანაზღაურებაა გათვალისწინებული. თუმცა, სამინისტრო უშვებს, რომ ფედერაცია „შესაძლებელია“ თანამშრომლებს ახალისებდეს იმ ფულადი პრიზების ფარგლებში, რომელიც უშუალოდ ფედერაციისთვის არის გაცემული და მისი განკარგვის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. ასევე, სამინისტრო იმასაც უშვებს, რომ ფედერაციას გააჩნდეს სხვა სახსრები (სპონსორი ან გრანტის სახით), მაგრამ ამის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია,”-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმის თქმა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ჭიდაობის განვითარების პროგრამის მიზნებისთვის ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის“ დაფინანსება შეიცავს ამ სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის მაღალ რისკებს, ხოლო წარსული ტრანზაქციები შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა გადახედოს ა(ა)იპ „ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას და ჭიდაობის განვითარების უზრუნველსაყოფად უფრო ეფექტიანი გზები მოიძიოს;

სავალდებულო უნდა გახდეს სამინისტროს მხრიდან სპორტული ფედერაციების საქმიანობის ყოველწლიური შეფასება. შეფასების დოკუმენტმა და მიღებულმა ქულებმა უნდა განსაზღვროს მიიღებს თუ არა ესა თუ ის ფედერაცია სახელმწიფო დაფინანსებას.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო