მამუკა ბახტაძე - პროკურატურას ვისთანაც ექნება კითხვები დასვამს  - გახარიამ არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს

ჩვენთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი 20-21 ივნისს მომხდარი ფაქტების გამოძიებაზე, მის ხარისხზე და გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მიესალმება გამოძიების პროცესში საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის ჩართულობას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ის ფაქტიც, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ყოველთვის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მედიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

„მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას და მინდა ყველას შევახსენო, რომ საქმეს იძიებს სწორედ საქართველოს პროკურატურა და ამავე დროს მივესალმები სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენთვის პირველ რიგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობდეს თუნდაც მცირე კითხვები გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გამოძიებას აქვს თითოეული დეტალი, ნიუანსი გამოსაძიებელი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შეკითხვები იქნება ყველა ადამიანთან. გიორგიმაც არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ის ამავე დროს, კარგია, რომ მედიასთანაც აქტიურად მუშაობს. იმიტომ რომ კითხვები, რომლებიც არსებობდა, ჩვენ ვიყავით მოწოდებული და მომზადებული ვართ, რომ გავცეთ მასზე კონკრეტული პასუხი. პასუხები კი არის ძალიან კონკრეტული და ობიექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებამდე, მედიის დახმარებით ეს კითხვები მივიდეს ობიექტურად და სამართლიანად, ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე. სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ხდება ზოგიერთი გამონათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია. აქედან გამომდინარე, ვისთანაც ექნება პროკურატურას კითხვები, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მე დარწმუნებულ ვარ, რომ პროკურატურაში დასვამენ და ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად გასცემს პასუხს, მითუმეტეს, გიორგი, რომელმაც ამაზე მზადყოფნა არაერთხელ დააფიქსირა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ არ შეურიგდება იმას, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი ფაქტები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე მონათლოს, თითქოს პარლამენტის შტურმით აღება იყოს პატრიოტიზმი და კონსტიტუციის დაცვა ბოროტება.

„დღემდე გრძელდება მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ 20 ივნისს მომხდარი ფაქტი მოინათლოს ისე, თითქოს საქართველოს პარლამენტის შტურმით აღება ეს არის პატრიოტიზმის და ამ ემოციის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა არის ბოროტება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ შევურიგდებით და არ შეურიგდება არც ქართული საზოგადოება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და მე დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო