მარიამ ქვრივიშვილი - საქმიანი ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლობით პროექტი: „საქართველო, როგორც კავკასიის რეგიონში წამყვანი მიმართულება საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) პოტენციალის განვითარების მიზნით ბრიტანული კომპანიის „Kennedy Integrated Solutions” ექსპერტების სამუშაო შეხვედრები სექტორი 3-ში გაიმართა.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საერთაშორისო ექსპერტები და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, „საკონვენციო ბიურო საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვის, დღევანდელი დღე ემსახურება სრულიად ახალი პროექტის დანერგვას“.

„ საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. ჩვენი საკონვენციო ბიურო საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვის, დღევანდელი დღე ემსახურება სრულიად ახალი პროექტის დანერგვას, შედეგად კერძო სექტორს ჩვენთან ერთად საშუალება ექნება ქვეყანაში მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი კონგრესი, კონფერენცია და მოიწვიოს დიდი ჯგუფები. რაც მთელ მსოფლიოში ტურისტულად აქტიური ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ ღონისძიებებს შემოაქვს ყველაზე დიდი თანხები ქვეყნისთვის. ჩვენ მადლობას ვუხდით განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს, (CDD) მათთან თანამშრომლობის გარეშე ეს პროექტი არ შედგებოდა, ასევე მადლობას ვუხდით „სექტორ 3-ს“ რომელიც 4 დღის განმავლობაში მასპინძლობს ჩვენს სამუშაო შეხვედრებს“ , -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პროექტი მოიცავს ინტერსექტორალური თანამშრომლობის ფორმატს, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრების მიზანია საქმიანი ტურიზმისა და ღონისძიებების ინდუსტრიის განვითარებაში ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, კონსულტაციების გაწევა და შესაბამისად საქართველოში MICE ტურიზმის განვითარება .

პროექტის პირველ ეტაპზე, 4 დღის განმავლობაში, ბრიტანელი ექსპერტები საქმიანი ტურიზმის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან, გაანალიზებენ გამოწვევებსა და წარმატების ისტორიებს. შეისწავლიან ბაზრის მოთხოვნებს. ჩაატარებენ ტრენინგს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ბრიტანელი ექსპერტები, შეხვდებიან კერძო სექტორსა და MICE ინდუსტრიაში ჩართულ მხარეებს რის შედეგადაც, პროექტის მეორე ეტაპზე წარმოადგენენ საქართველოს ბაზარზე მორგებულს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს საქმიანი ტურიზმის რუკაზე დაიტანს და შექმნის კონკურენტუნარიან პირობებს ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული ბაზრებიდან მასშტაბური ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების მოსაზიდად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო