„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დევნილთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა

დევნილთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მათ ეზღუდებათ მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებები ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გამო, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის კოორდინატორმა ნინო ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა ანგარიშის - "ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - პრეზენტაციის დაწყებამდე აღნიშნა, მძიმეა დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები.

"დევნილთა მდგომარეობა შეიძლება ითქვას, არის ძალიან მძიმე. ჩვენ, დაახლოებით, 2400 დევნილთა ოჯახი გამოვკითხეთ, დევნილთა 36 დასახლებაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი იმყოფებიან ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. მძიმეა მათი საყოფაცხოვრებო პირობები. მათ პრობლემები აქვთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა. ასევე პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ დევნილებს მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებები ეზღუდებათ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გამო",- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ანგარიშის პრეზენტაცია „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ ამ წუთებში იმართება და მას მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ხუთი ორგანიზაცია მართავს. ანგარიში მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში ასევე, ასახავს დაზარალებულთა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ. როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, დოკუმენტის მომზადების მიზნებისთვის, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი. გამოკითხულ დევნილთა უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აშენებულ სპეციალურ კოტეჯებში, ყოფილი სასწავლო დაწესებულების ან/და სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე ცხოვრობს. ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილები, განსახლების პირობებში, ომიდან ათი წლის შემდეგაც რთულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. დევნილთა პრობლემები დასახლებების მიუხედავად იდენტურია. ყველაზე მეტ სირთულეს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში ასევე, მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. გამოკითხულ დევნილთა მხოლოდ 0,02% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახს არანაირი პრობლემა არ აწუხებს. ანგარიშის შედეგად იდენტიფიცირებული საკითხების მასშტაბურობის გათვალისწინებით, ორგანიზატორების განცხადებით, ნათელია, რომ ისინი არა ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებს. ამასთან, ანგარიშის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დაზარალებულთა ნაწილს საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ხოლო დაზარალებულთა მეორე ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ, მათ შორის, მათი მოლოდინი ძირითადად უკავშირდება სასამართლოსაგან კომპენსაციის მიღებას ან/და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო