ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2019

20 ივნისიდან 26-ე დღეს პროკურატურა კიდევ 1 პოლიციელს აკავებს

საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ - როგორ იყენებენ ინტერნეტ-ტროლებს პოლიტიკური მიზნებისათვის

ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ

***

20 ივნისიდან 26-ე დღეს პროკურატურა კიდევ 1 პოლიციელს აკავებს

"20 ივნისის აქციის დარბევიდან 26 დღე გავიდა და პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კიდევ ერთი პოლიციელი დააკავა. ეს უკვე მეორე პოლიციელია, ვისაც მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის გამო სს ბრალი წაუყენეს. 8 მომიტინგე და ერთი პოლიტიკოსი 2 პოლიციელის წინააღმდეგ - ასეთი ბალანსით მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. 20-21 ივნისის საქმეზე. გამოძიების მტკიცებით, 8 მომიტინგე პოლიციელებს ესხმოდა თავს, 2-მა პოლიციელმა კი მომიტინგეები სცემა. ამასთან, შესაძლოა ამბოხსა და ჯგუფურ ძალადობაზე ბრალდებები წაყენებული აქვს ნიკა მელიას, რომელსაც ელექტრონული სამაჯური უკეთია. 18 ივლისს გამოკითხვაზე დაბარებულია "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი - გრიგოლ ვაშაძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 20 ივნისიდან 26-ე დღეს პროკურატურა კიდევ 1 პოლიციელს აკავებს

"პროკურატურა ბოლო ორი დღეა 20-21 ივნისის საქმეზე ძალიან გააქტიურდა და საგანგებო ბრიფინგებს აწყობს. ორშაბათს დააკავეს ერთი პოლიციელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დაკავებული მომიტინგის ცემის გამო. ახლა დააკავეს კიდევ ერთი. „გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს", - საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. შს სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სს კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და დიდი ალბათობით, ოთხშაბათს ამ პოლიციელსაც პირველის მსგავსად პატიმრობას შეუფარდებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გარდა ამ 2 პოლიციელისა ორშაბათს ღამით შს სამინისტრომ მომიტინგეების მხრიდან დააკავა 4 ადამიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. გაავრცელა ვიდეოკადრიც და გამოძიება აცხადებს, რომ 4-ვე დაკავებული პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ერთ-ერთი მათგანი არის 26 წლის კახა ღავთაძე. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ღავთაძე პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. სამართალდამცველს წაართვა ფარი და ერთ-ერთი სპეცრაზმელი პოლიციის კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. ღავთაძის ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით დანაშაული არ იკვეთება. „ვიდეოზე ჩანს იგი რეალურად ეხმარება სპეცრაზმელს გადაადგილებას და ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს, რომ არ შეეშალოს ხელი ამ ადამიანს გადაადგილებაში. მე ვფიქრობ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ,"-ამბობს ადვოკატი ბექა წკრიალაშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

"იმავეს ამბობს დაკავებულის დედაც. „ამბობდა, რამდენიმე პოლიციელი, რომელთათვისაც შეიძლებოდა ადამიანებს რამე დაეშავებინათ გამოვარიდე კორდონიდანო,"-ამბობს კახა ღავთაძის დედა, შორენა ბიწაძე. მეორე დაკავებული ვატო გელაშვილია, ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. გამოძიება ამტკიცებს, რომ გელაშვილი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. ვატო გელაშვილის შემთხვევაში დაკავების მოტივი მედიასაშუალებების კადრები არ ყოფილა. პოლიციამ „შეაჩერე კორუფციას" ხელმძღვანელი საკუთარი „ფეისბუქის" გვერდზე ატვირთული ვიდეოს გამო დააპატიმრა. გელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ თავად დაკავებული 20 ივნისის ღამეს დაზიანდა. მას სნაიპერი დამიზნებით ესროდა. „გვაჩვენონ პოლიციელი, გვაჩვენონ ის ქონება, რომელიც მან დააზიანა. თვითონ ვატო კი დაზიანებული იყო. როდესაც სნაიპერი დამიზნებით ესროდა, თავი რომ არ გაეწია თვალი ექნებოდა გამოთხრილი, იმიტომ რომ შუბლში მოხვდა. ამოიღონ ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ჩამოდიოდა მას სისხლი შუბლზე. ვატო იყო მსხვერპლი ამ აქციის. მათ თავისუფლად შეეძლოთ დაკითხვაზე დაებარებინათ. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ახლა ვიღაცა მსხვერპლის მოძებნა და ვიღაცაზე ხელის შეწმენდა,"- ამბობს ადვოკატი ქეთევან ენუქიძე”, - დასძენს გამოცემა.

"დაკავებულებს შორის არის 22 წლის მუხრან ფანგანიც. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფანგანი 20 ივნისის ღამეს პოლიციელებს ფიზიკურად უტევდა. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი 23 წლის ახალგაზრდა კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სპეცდანიშნულების რაზმზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. ამ დროისთვის ე.წ. გავრილოვის ღამის სამართლებრივი სურათი ასეთია - დარბევის დროს უფლებამოსილების გადამეტების გამო დაკავებულია 2 პოლიციელი, შს სამინისტროს 10 თანამშრომელს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული. მომიტინგეების მხრიდან კი სს საქმე აღძრულია 9 ადამიანზე, მათგან ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 8 პატიმრობაშია. 4 დააპატიმრეს 4 ივლისს, მეორე 4 მომიტინგე - 15 ივლისს. პლუს, „ნაცმოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პატიმრობას კი გადაურჩა, ზედმეტი ხმაური რომ არ გამოეწვია მის დაკავებას, თუმცა ის ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება. გარდა ამისა, გამოძიებას კითხვები აქვს „ნაცმოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერთან - გრიგოლ ვაშაძესთან. შს სამინისტროს ცნობით, ვაშაძე 20 ივნისის მოვლენების გამო 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. პოლიტიკოსებიდან უკვე გამოიკითხნენ: „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა, „ნაცმოძრაობის" წევრები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბარამიძე, ასევე ირაკლი ღლონტი, გუბაზ სანიკიძე და ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. პოლიტიკოსებიდან ასევე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილიც, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება”, - წერს გამოცემა.

"როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სს კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და პოლიტიკოსებიც ამ საქმეზე გამოიკითხნენ. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 325-ე მუხლითაც, რაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას გულისხმობს. სწორედ ამ საქმეებზე პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას. ცნობისათვის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. ჯამში დარბევისას 240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო, 80 - სამართალდამცველი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად 2-მა ადამიანმა თვალი დაკარგა, მართვით სუნთქვაზე იყო 2 ადამიანი. 20 ივნისიდან რუსთაველის გამზირზე პროტესტი „სირცხვილია" არ წყდება. პოლიციელების დაკავების მიუხედავად აქციის 27-ე დღეს მთავარი მოთხოვნა ისევ უცვლელია - გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. რიგითი პოლიციელების წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას „ერთი ბარტყის გადმოგდებად" აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ მთავარი ამოცანა გიორგი გახარიას მიერ პასუხისმგებლობის აღებაა, რადგან სისხლიანი ღამის ავტორი სწორედ შს მინისტრია, ცალკეული სამართალდამცველების დაკავება კი მას ამ პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს”, - წერს სტატიის ავტორი.

საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ - როგორ იყენებენ ინტერნეტ-ტროლებს პოლიტიკური მიზნებისათვის

"ბოტები და ტროლები, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული მანქანა რომელსაც ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ხოლმე, ორგანიზებული და მართული პოლიტიკური ტროლები, ტრადიციულად, წინასაარჩევნო კამპანიების დროს აქტიურდებიან. ასეთ დროს ქსელში ჩნდება ხოლმე პოლიტიკური ტროლების არმიები და კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებზე ან ორგანიზაციებზე ტოვებენ დადებით ან უარყოფით კომენტარებს პოპულარულ სოციალურ ქსელებში”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ - როგორ იყენებენ ინტერნეტ-ტროლებს პოლიტიკური მიზნებისათვის

"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსს" ტროლებისა და ბოტების მნიშვნელობასა და ფუნქციებზე ესაუბრა "ტროლებისა და ბოტების ორნაირი სახე არსებობს, ერთია კიბერშეტევისათვის, რომელიც არის პროგრამული შეტევების უზრუნველსაყოფად, მისი მიზანია, შეფარული გარკვეული საინფორმაციო მოდელის-ფორმულის სახით მოხდეს შეღწევა და განადგურება მოწინააღმდეგის ინფორმაციების, ან მის პროგრამულ უზრუნველყოფაში მოხდეს აღრევა. მეორე დონე არის საინფორმაციო კამპანიისათვის და საინფორმაციო ომის წარმოებისათვის. "საინფორმაციო პროპაგანდისტული ტიპის ტროლები არის სამი დონის - ინდივიდუალური, სოციალური და სახელმწიფოებრივი. ტროლები იმიტომ არსებობენ, რომ გარკვეულწილად შექმნან ეფექტი, ბუნებრივია, ისინი აღწევენ ხოლმე მიზანს. „საინფორმაციო პროპაგანდისტული ომი არის, როდესაც ახორციელებ პოლიტიკური მიზანმიმართული ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მთავარი იდეაა მოწინააღმდეგე მხარეს მიაყენო მაქსიმალური პოლიტიკური ზიანი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტის თქმით, მაგალითად, ამერიკაში რუსებმა განახორციელეს საინფორმაციო ტიპის თავდასხმა, ტროლი იყო, როდესაც „რაშა თუდეი" შევიდა, როგორც თავისუფლების მეხოტბე სატელევიზიო არხი, მაგრამ რეალურად ის მუშაობდა ამერიკის კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ, მისი მიზანი იყო, ამერიკაში მოეხდინა პოლიტიკური სისტემიდან საინფორმაციო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და პოლიტიკური სისტემის გახლეჩვა. იგივე, თუნდაც პროგრამული შეტევა, როდესაც მოხდა ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე კონფიდენციალური ინფორმაციის მოძიება და შემდეგ ეს ინფორმაცია გადაეცა მეორე პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს, სიტუაცია საინფორმაციო ომის ფორმატში გადავიდა და ამან გამოიწვია სერიოზული რყევები ამერიკის პოლიტიკურ არჩევნებზე. მიულერის კომისიამ დაადასტურა, რომ აქ რუსული ხაკერებისა და რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული ჯგუფების მიზანმიმართული მუშაობა მიდიოდა, რომლებმაც მოახდინეს ამერიკის პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევა, რამაც გამოიწვია არასასურველი შედეგები აშშ-სათვის. იგივე რუსული პროპაგანდა საქართველოს მიმართ, მაგალითად პუტინის გამოსვლა და მის მიერ ჩვენი ისტორიის ამოყირავება, ესეც არის ტროლური ვარიანტი, როდესაც ფაქტიურად მის გამოსვლას რამდენიმე მილიონი ადამიანი უყურებს (ეს გათვლილი იყო გაცილებით დიდ სივრცეზე, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაა) ეუბნება ისეთ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს" - განაგრძობს გამოცემა.

"ექსპერტის თქმით, საქართველოს აქვს კიბერთავდაცვის სისტემა, რომლებიც კიბერ შეტევებს გაუწევს წინააღმდეგობას, თუმცა, საინფორმაციო დონის შეტევის გამკლავება შეუძლებელია. "საქართველოს აქვს შემუშავებული კიბერთავდაცვის ძალიან კარგი სისტემა, შემუშავებული აქვს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, ჩვენ საზოგადოებრივ და სახელმწიფო დონეზე გვყავს სტრუქტურები, რომლებიც კიბერშეტევებს გაუწევენ წინააღმდეგობას. "მაგრამ, სამწუხაროდ, საინფორმაციო დონეზე ჩვენ არ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საინფორმაციო ომს, რომელიც მოდის რუსეთიდან, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი საინფორმაციო ომის უსაფრთხოების სტრატეგია, რომლებიც იმუშავებენ ჩვენი მოწინააღმდეგების საპირისპიროდ, რომლებიც მოახდენენ სწორი ინფორმაციის გატანას”, - დასძენს გამოცემა.

"არსებობს კიდევ საზოგადოებრივი საინფორმაციო ომის დონე, როდესაც, მაგალითად პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები და სხვა ორგანიზაციები სოცალურ ქსელებში ებრძვიან ერთმანეთს, სოციუმის დონეზე ცოტა სხვანაირი მიდგომებია საჭირო, აქ უნდა შემუშავდეს კანონი საინფორმაციო სივრცის შესახებ, უნდა შემუშავდეს სპეციალური კანონი სოციალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის სახით, რომელიც დაეკისრება გარკვეულ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც იყენებენ ტროლებს და ახორციელებენ მიზანმიმართულად ინფორმაციის დამახინჯებას, არასწორ და ცილისმწამებლურ ინფორმაციების გავრცელებას. მე მაგალითად შევქმნიდი ციფრულ საინფორმაციო სახელმწიფო კომისას, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას გაწევდა მთლიანად სოციალურ ქსელებში და ამ ყველა ფაქტს დააფიქსირებდა, მოახდენდა რეაგირებას, ესაა ყველაზე კარგი ვარიანტი", -განაცხადა მაისაიამ "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის "დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ

"სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდება, ვერსია ადაპტირებული იქნება - პრემიერ-მინისტრის მიერ ვარიანიდან საგანგებო ღონისძიებით ამ სიახლის გამოცხადებას ექსპერტების დიდ ნაწილსა და ოპოზიციაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის მთავარი შინაარსი კი ისაა, რომ ხელისუფლებამ მოიტყუა - ერთი, რომ 143 წლის წინანდელი სახელმძღვანელოს უცვლელი სახით დაბრუნება 21-ე საუკუნეში უბრალოდ ნონსენსია, მეორეც - გოგებაშვილისეული მეთოდიკით შედგენილი "დედა ენა" არავის გაუძევებია სკოლებიდან და ადაპტირებილი ვერსია ისწავლება კიდეც, ამიტომ პრემიერის ეს განცხადება არის იაფფასიანი, ვითომ პატრიოტული, პოპულიზმი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ეროვნული საქმე თუ იაფფასიანი პოპულიზმი - გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში "დაბრუნებას“ ექსპერტები აკრიტიკებენ

"სპეციალისტების ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ "ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ „ისმის, იაფფასიანი ჯიჯგვნა ზოგიერთების მხრიდან, აი, რომ ჰგონიათ, რომ უგზო-უკვლოდ იციან ყველაფერი და ძალიან განათლებულები არიან, ამიტომ არ მოსწონთ ის, რაც ტრადიციული და უნიკალურია". მმართველ პარტიაში „დედა ენის" დაბრუნება მოსწონს ყველას და აცხადებენ, რომ ეს არის „დიდი ეროვნული საქმე". თანაც, სახელმძღვანელოში არქაული სიტყვების ადაპტირება აუცილებად მოხდება, მთავარია, რომ გოგებაშვილის მეთოდიკა შენარჩუნდება. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისიც თქვა, რომ გოგებაშვილის „დედა ენა" უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოწვია. ამიტომაც ისინი წიგნს დააბრუნებენ და ყველა პირველკლასელს ის უფასოდ დაურიგდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილის თქმით, გოგებაშვილის „დედა ენის" თითქოს დაბრუნების ამბავი სიყალბე და იაფფასიანი პოპულიზმია, რადგან „დედა ენა" სკოლიდან არავის გაუძევებია და მისი კონცეფციის მიხედვით ბავშვები დღესაც სწავლობენ დაწყებით საფეხურზე. „უშუალოდ გოგებაშვილის მიერ 140 წლის წინ გამოცემული სახელმძღვანელოთი არც ჩვენ გვისწავლია და ეს შეუძლებელიც იყო. „დედა ენა" ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა და ის გოგებაშვილმა გამოსცა 1865 წელს, შემდეგ თავადვე 33 -ჯერ განაახლა და ბოლოს გამოიცა 1876 წელს. გოგებაშვილმა ეს წიგნი დაუტოვა ქართველ ხალხს იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი განავითარებდა მეთოდიკას. შესაბამისად განცხადება, რომ გოგებაშვილი „დააბრუნეს" სკოლაში. ეს მართალი არ არის, გოგებაშვილი სკოლიდან გაძევებული არც ყოფილა. ეს არის იაფი პოპულიზმი და ჩემი ვარაუდით ეს მიზნად ისახავს სრულიად უგემოვნოდ, პატრიოტული გრძნობების, ასე ვთქვათ, გაღვივებას ხალხში. ამ ყველაფრის უკან დგას ორი რამ - ერთი კონკრეტული ჯგუფის ფინანსური ინტერესები და მეორე - ასევე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიის მიზანია 2020 წლის არჩევნებისთვის ხალხის გული მოიგოს, რომ ასეთი „პატრიოტები" არიან და აი, გოგებაშვილს აბრუნებენ,"- განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, ზოგიერთი სკოლა გოგებაშვილის წიგნის ადაპტირებული ვერსიით სწავლობს, ნაწილი - სხვა მეთოდიკით. „მთელი მსოფლიო ავითარებს დაწყებით საფეხურზე სწავლების მეთოდიკას. გოგებაშვილი ნამდვილად გენიალური ადამიანია, ჩვენი საზოგადო მოღვაწე და მისი მეთოდიკითაც ისწავლონ ბავშვებმა და სხვა მეთოდიკითაც, ხომ არ შეიძლება 1876 წელს გამოცემული წიგნი იყოს უმაღლესი ჭეშმარიტება?! "თვითონ გოგებაშვილი არ თვლიდა ასე, მან 33-ჯერ შეცვალა და განავითარა ეს წიგნი. იდეა თავისთავად სასაცილოა. ამ სულელური იდეის გამო უნდა დაიხარჯოს დრო და იხარჯება ფული. რის გამო? იმის გამო, რომ მმართველ პარტიას ამომრჩევლთა გულის მოგება უნდა და ვიღაცას ფულის მოგება?! თვითონ გოგებაშვილის სახელის შეურაცხყოფაც არის ეს გადაწყვეტილება,"- დასძენს მოსიაშვილი. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ 100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს. „ამ „მიღწევის" გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან თელავში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას..."- დასძენს გამოცემა.

"გოგებაშვილის „დედაენის" დაბრუნებას მავნებლობას უწოდებს ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!.. ამათ ჰგონიათ, რომ ვახტანგ როდონაიას გოგებაშვილი არ უყვარდა და იმიტომ შექმნა თანამედროვე სახელმძღვანელო?"- წერს ბერძენიშვილი. „ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ „დღეს გოგებაშვილის „დედა ენით" სწავლება არ ხდება. მხოლოდ შემორჩენილია რაღაც ფრაგმენტები და შემდეგ ავტორები პირადი ინიციატივით რასაც უნდოდა, იმას უმატებდნენ". მისი თქმით, ახლა შეიქმნა კომისია და კონსენსუსის საფუძველზე შეიტანა გარკვეული ცვლილებები დროსთან დაკავშირებით. „ეს ძალიან კარგი და დიდი საქმეა და ძალიან უღირსი საქციელი იყო, როცა ეს სახელმძღვანელო მოისროლეს და ყველას საბურთაო გახადეს ეს უნიკალური წიგნი. "აი ია; აი თოხი," - შეიძლება ეს სხვა რამით შეცვალო?! ამაში რა უნდა გაათანამედროვო? "შემდეგ თხზულებებში შეიძლება შევიდეს ცვლილება, მაგრამ როცა ანბანზეა საქმე და სწორედ ანბანიდანაა წამოსული გარკვეული სიუჟეტები და წინადადებები, იქ დასამატებელი არაფერი არ არის. დღეს კი ასე არ იყო, აი ია-თი არ იწყებოდა. ამას ახლა წერტილი დაესვა და რაც ახლა კრიტიკა ისმის, ეს არის იაფფასიანი ჯიჯგნა ზოგიერთების მხრიდან, აი, რომ ჰგონიათ, რომ უგზო-უკვლოდ იციან ყველაფერი და ძალიან განათლებულები არიან, ამიტომ არ მოსწონთ ესეც. ჩვენ დავუბრუნდით საფუძველს და ეს არის კარგი," - წერს სტატიის ავტორი.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს