გლენ ჰოვარდი - საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდზე პუტინის განცხადება უკიდურესად აბსურდულია

საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტმა, გლენ ჰოვარდმა განაცხადა. ჰოვარდი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოსი ხალხის გენოციდს ეხებოდა. ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა.

„ეს ასევე იყო იმპერიალისტის იმპერიალისტური განცხადება, რომელიც საქართველოს ხედავს, როგორც მხოლოდ პატარა მეზობელს, რომლის დასჯაც და შეურაცხყოფაც შესაძლებელია. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს თავად აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. საუბარი ოსი ხალხის გენოციდზე იმ ქვეყნისგან, რომელმაც ამდენი საშინელება ჩაიდინა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1930-იან წლებში, გასაკვირია. ვფიქრობ, თუ ვინმემ იცის [კავკასიის] რეგიონის ისტორია, მიხვდება, რომ პუტინის სიტყვები უკიდურესად აბსურდულია. მაგრამ ესაა ნაწილი იმისა, თუ როგორ სჯის რუსეთი საქართველოს. მიდის ფსიქოლოგიური ომიც, რომ დააშინოს და როგორმე შემდეგში გამოიწვიოს უკმაყოფილება და დაძაბულობა საქართველოში, რადგან მას სურს, რომ საქართველო არასტაბილური გახდეს. ის [პუტინი] ცდილობს ამოატრიალოს დასავლური ნარატივი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსული აგრესიისგან დაზარალდა. ის ცდილობს ეს შეხედულება მკვეთრად შეცვალოს და გამოიყენოს ქართველების წინააღმდეგ. აქამდე მათი ნარატივი ის იყო, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, საქართველოა დამნაშავე და თავისი ცუდი მთავრობის გამო საქართველომ დაიმსახურა ის, რაც მიიღო. არ მგონია, რომ პუტინს სჯერა იმის, რასაც ახლა ამბობს. ვფიქრობ, მისთვის ესაა გზა, რომ დაუსრულებლად დააშინოს საქართველო, რომელიც ასეთი წარმატებული გახდა“, - განაცხადა გლენ ჰოვარდმა.

რაც შეეხება პუტინის გამოსვლაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციას, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტის განცხადებით, ტენდეცია კარგად ცნობილი და ჩამოყალიბებულია, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი.

„მათ მისცეს გარკვეულ რუსულ ჯგუფებს უფლება, რომ დაბრუნებულიყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მთავარი საფრთხე კი იქიდან მომდინარეობს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის ფორმა არსებობს. ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, თუ როგორ იზრდება ნელ-ნელა ამ მთავრობის მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და მოერგოს პუტინს, მოერგოს რუსეთს.

მესმის, რომ მათ [მთავრობას] არ სურთ აგრესიული პოზიცია დაიჭირონ, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მისცა ჯაველინები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც საქართველოს თავდაცვისთვის სჭირდება. ასე რომ, ამერიკამ დაანახა ყველას, რომ ის მზადაა დაეხმაროს საქართველოს“, - განაცხადა ჰოვარდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველებს კარგად შემუშავებული პროპაგანდის პოლიტიკა სჭირდებათ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ რუსული გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. თუმცა, ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი აქვე დასძენს, რომ მისთვის საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ტაქტიკა შემაშფოთებლია, რადგან „არ შეიძლება, რომ მისცენ რუსებს უფლება ისევ დაბრუნდნენ საქართველოში, ვინაიდან ქვეყანაში რუსული ზეგავლენა ისევ გაიზრდება.

„ასევე ვხედავთ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასეთი დაყოფილია. ასე დაპირისპირებული ქართველები ბოლო პერიოდში მე არ მახსოვს. ამ ყველაფრისგან სარგებელი მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს, რომელიც თქვენი ჩრდილო მეზობელია და რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას ახდენს“, - აღნიშნავს ჰოვარდი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა