ზურაბ ჭიაბერაშვილი - მამუკა ბახტაძემ მედიკამენტების რაოდენობაც კი სწორად ვერ დათვალა

მამუკა ბახტაძემ მედიკამენტების რაოდენობაც კი სწორად ვერ დათვალა, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა.

„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ექვსთვენახევარში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან მხოლოდ 2.5 მლნ ლარი აითვისა”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი.

მისივე თქმით, ამ ფონზე საზოგადოების დაცინვად აღიქმება პრემიერ ბახტაძის განცხადება, თითქოს მთავრობა მოქალაქეების დასახმარებლად ახალი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

„პროგრამამ, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, ვერ შეამსუბუქა ტვირთი, რომელიც ასიათასობით გაჭირვებულ ადამიანს წამლების გაძვირებით დაედო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მლნ ლარის წამალი შეიძინა. პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა.

სავალალოა, რომ პრემიერმა ბახტაძემ პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების რაოდენობაც არასწორად დაასახელა. დღეს მოქმედი ჩამონათვალით პროგრამაში არა 35, არამედ 41 წამალია”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

მისივე შეფასებით, მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

„2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.

გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ასიათასობით გაჭირვებული მოქალაქის ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა