ადვოკატის განცხადებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით ერთ-ერთი დაკავებული  კახა ღავთაძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია

კახა ღავთაძე არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთის, კახა ღავთაძის ადვოკატმა მერაბ წკრიალაშვილმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოაცხადა, "საქართველოში მართლმსაჯულებას კლავს". მან ყოფილი დეპუტატის, ნიკა მელიას მაგალითიც გაიხსენა, რომელსაც უფრო მძიმე ბრალდებაზე გირაო შეუფარდეს.

"შეიძლება ითქვს, რომ დღეის მდგომარეობით, კახა ღავთაძე არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ აღნიშნული ბრალდებით და უფრო მკაცრი ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული იყო მოქმედი პარლამენტის წევრი, ბატონი ნიკანორ მელია და გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ. ჩვენ შევთვაზეთ გირაოს სახით 5000 ლარი, ასევე დამატებითი საპროცესო ღონისძიებების გამოყენება, როგორიცაა პასპორტის ჩაბარება, პოლიციაში გამოცხადება, თუმცაღა დღეს დამტკიცდა ის, რომ ქალბატონი კულულაშვილი საქართველოში კლავს მართლმსაჯულებას. ეს ქალი არის მიზანმიმართულად დაინტერესებული, რომ ყოველთვის იყოს ტენდენციური და დაიკავოს ბრალდების მხარის პოზიცია", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესრულდა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაზეც შს მინისტრი გიორგი გახარია საუბრობდა.

"ცალსახად იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია უკვე ეს საკითხი და შესრულდა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაზეც ბატონი მინისტრი, გიორგი გახარია საუბრობდა", - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაცვის მხარის მოთხოვნა კახა ღავთაძისთვის 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბრს 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა