თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ გიორგი მუკბანიანის შუამდგომლობა და 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ოთხი მონაწილიდან ერთ-ერთს, მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. შემდეგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული კ. ღ. პოლიციელების მიმართ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცავი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. უწყების განმარტებით, 1979 წელს დაბადებული ვ. გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცავებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცავებს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. შსს-ს მტკიცებით, 1996 წელს დაბადებული ი. მ. სამართალდამცველს ურტყამდა რეზინის ხელკეტს და შეკრებილებს მოუწოდებდა პოლიციელებზე თავდასხმისკენ. რაც შეეხება, 1997 წელს დაბადებულ მ. ფ. - ს, უწყების ინფორმაციით, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა.