ანდრეი ილარიონოვი - რა ვნახეთ გაბუნიას გინების შემდეგ? საქართველოს ყველა ლიდერი ბოდიშს უხდის პუტინს, აი, რა იყო ყველაზე დიდი ეფექტი ამ სპეცოპერაციის

კატონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, წარსულში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

ის ამბობს, რომ 20 ივნისს შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კარგად დაგეგმილი “სპეციალური ოპერაციაა“.

“გამოჩნდა ის სიღრმისეული იმპერიული აზროვნება, რომელიც რუს დეპუტატებს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წევრებს ხშირად აქვთ. არ მგონია, გავრილოვი გამიზნულად მოიქცა ასე. ის უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს მისაღებია. ამასთან, გაუგებარია თვითონ ამ უცნაური ორგანიზაციის მიზანიც, რომლის შესახებაც, უნდა გამოვტყდე და აქამდე არაფერი მსმენია. ჩემთვის ასევე გაუგებარია ისიც, თუ რატომ არის საქართველო და რატომ არიან ქართველი დეპუტატები ასეთი უცნაური ორგანიზაციის წევრები. არ ვიცი და ვერ გავიგე, რატომ დართო საქართველოს პარლამენტმა მას ნება ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. ესეც შეკითხვებს წარმოქმნის. ნებისმიერი დეპუტატი, ნებისმიერი ქვეყნიდან, პატივს სცემს ძალაუფლებას, სიმბოლოებს და კარგად ესმის, სად იკვეთება ეს ხაზი. ასე რომ, ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს თავიდან ბოლომდე. საქართველოს საზოგადოების რეაქცია საღი იყო. ის, რომ ზუსტად პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციები გაგრძელდა იმაზე მიუთითებს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა და ჯანსაღია. ხალხმა საკუთარი აზრი გამოხატა“, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

ილარიონოვმა “რუსთავი2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გინებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგად მომზადებული ოპერაცია იყო.

“შევხედოთ ამ ოპერაციის შედეგებს. გაბუნია ორ წუთზე ნაკლები დრო საუბრობდა. ამას, როგორც სპეციალურ ოპერაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ თუ რამდენად ეფექტური იყო ის. “რუსთავი2“ ამის გამო ჯერ ისევ თავდასხმის ქვეშაა. კომპანიას მაუწყებლობის შეწყვეტაც კი მოუწია რამდენიმე საათით. “რუსთავი 2“ ოპოზიციური არხია, რომელიც საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს. ამ ორი წუთის გამო ბევრს გაუჩნდა იდეა, რომ “რუსთავი2“ გაანეიტრალოს, იყო იმაზე საუბარიც, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვათ. ამასთან, საქართველოს ყველა ლიდერმა - პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინს ბოდიში მოუხადა. ერთი წამით ამაზე დავფიქრდეთ - ბატონი პუტინი საქართველოს თავს დაესხა, მოკლა საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. მან დაბომბა საქართველოს მთელი ტერიტორია. მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. აცხადებს, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. აწარმოებს ბორდერიზაციას, ყოველ თვე ამ ტერიტორიებზე ვიღაცას იტაცებენ ან კლავენ. და რა ვნახეთ გაბუნიას გინების შემდეგ? საქართველოს ყველა ლიდერი მას ბოდიშს უხდის, ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. აი, რა იყო ყველაზე დიდი ეფექტი ამ სპეციალური ოპერაციის. ეს საოცარი შედეგია. ამ კონტექსტში ისიც უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი შედეგი ბევრ სხვა შედეგს შორის არის ის, რომ ბატონი გავრილოვის ამბის შემდეგ, მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლამ მთავრობას დაანახა, თუ როგორი დაუცველია. ვფიქრობ, ეს ოპერაცია საინფორმაციო ომის სასწავლებელ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება 2-მა წუთმა პოლიტიკური გარემო შეცვალოს“, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ ამ ინციდენტს რუსეთის მხრიდან კარგად ორკესტრირებული რეაგირება მოჰყვა, რომლის დროსაც რუსი დეპუტატები გამოვიდნენ და აღშფოთებულებმა ზოგმა სანქციები მოითხოვა, ზოგმა - მკაცრი ზომები.

“ბატონი პუტინი კი ბოლოს გამოვიდა და თქვა, რომ კარგით ახლა... ეს არ არის სერიოზული რეაქცია, რომ ის, ამ ყველაფერს, ყურადღებას არ აქცევს. ის გამოჩნდა, როგორც ნამდვილი ევროპელი, შემწყნარებელი, სულგრძელი ლიდერი. ამით მან ზედაპირულად მაინც შეცვალა დისკუსია რუსეთზე“, - დასძინა ილარიონოვმა.

პრეზიდენტ პუტინის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინისთვის უკეთესი პარტნიორია, ვიდრე სააკაშვილი იყო ან ვინმე სხვა შეიძლება იყოს და კრემლი საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობით არ შეწუხებულა.

“მაგრამ ახლა, როცა პარტია მხარდაჭერას კარგავს, პუტინი ნერვიულობს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო შეიცვალოს და პარლამენტში სულ სხვა ძალები მოვიდნენ. კრემლში ამაზე ფიქრობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს “ქართული ოცნება” მოსწონს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ მასთან მუშაობა ურჩევნია. ამიტომაც, კრემლს ურჩევნია, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” დარჩეს და როცა ჩნდება იმის ნიშნები, რომ ეს ძალა მხარდაჭერას კარგავს, ბატონ პუტინს დისკომფორტი ექმნება. არავის ჰგონია, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, მაგრამ ის უდავოდ უფრო კომფორტული პარტნიორია რუსეთისთვის, ვიდრე ვინმე სხვა“, - აცხადებს ანდრეი ილარიონოვი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს