ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2019

ივანიშვილის პირველი გზავნილები ივნისის მოვლენებიდან 27-ე დღეს

12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ - დაკავებები გაგრძელდება

არჩილ გამზარდია – “ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”

* * *

ივანიშვილის პირველი გზავნილები ივნისის მოვლენებიდან 27-ე დღეს

"20-21 ივნისის აქციის დარბევიდან 27 დღე გავიდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პირველად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, აქციაზე, რუს დეპუტატ გავრილოვზე, რუსეთზე და გახარიაზე. “კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია”, “გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით”.... - ამ სიტყვებით შეაფასა შს მინისტრი “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და დაადასტურა, რომ გახარია არსად არ წავა და რომ, ამ ძალოვანი მინისტრის შენარჩუნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ივანიშვილმა გახარიას გადაყენებასა და აქციის დაშლისას გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობაზე დასმული შეკითხვისას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები დაიმოწმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის პირველი გზავნილები ივნისის მოვლენებიდან 27-ე დღეს / “კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია”, “რუსთაველის აქციის უკან “ნაცმოძრაობა” დგას”, “არც ვაშინგტონში და არც ევროპაში კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე”.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, “არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე”, ამაზე ლაპარაკობს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და მასთან აფილირებული პატარა-პატარა პარტიები, რომლებიც დგანან რუსთაველის აქციის უკან და რომლებიც 200-200 კაცს ძლივს აგროვებენ და და ვერ ხვდებიან, რომ ამით კნინდებიან”. ივანიშვილმა გვითხრა, რომ რუსი დეპუტატის, გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა არ იყო ირაკლი კობახიძის დანაშაული, თუმცა, კობახიძე გადაეფარა გუნდს და ამიტომ წავიდა და “კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია”, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. მისი სიტყვებით, “გახარია რომ გადადგეს, ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს”, “გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით”, რადგან პოლიტიკოსებს პარლამენტში ძალით შესვლა და სახელმწიფო გადატრიალება სურდათ და “მადლობა ღმერთს, რომ გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან, დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა”. ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, გამოძიება მიმდინარეობს და ისინი სამართლის წინაშე აგებენ პასუხს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება, უპასუხა, რომ ასეთ სისულელეს მხოლოდ “ნაცები” თუ იტყვიან. “როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებას გავცემდი? - ეს სიბრიყვეა. თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან (ნაცმოძრაობიდან) მოდის”, - თქვა “ოცნების” თავმჯდომარემ. ასევე თქვა, რომ გმობს ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას გამოსვლებს და ეს იყო არა მხოლოდ ამ არხის, არამედ ქვეყნის, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ამით გამოეხმაურა კიდეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე შესაბამის რეაგირებას ელოდება. ლავროვის მხრიდან შეურაცხყოფაზე რეაგირება დასახელდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ერთ-ერთ მოთხოვნად, აქციების შეწყვეტის მოთხოვნის პარალელურად. რუსეთზე დასმული შეკითხვისას ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ”, - განაგრძობს გამოცემა.

“უფრო მეტიც, მისი შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები “ქვეყნის მტრები არიან”, რადგან თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის. მან თქვა, რომ “ნაცმოძრაობას” სურს ტურიზმი შეჩერდეს, ეკონომიკა დაინგრეს და საქართველოში რუსი ტურისტის ნაცვლად შემოვიდეს რუსი ჯარისკაცი, ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. გავრილოვის ჩამოსვლაზე თქვა, რომ 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, მათ შორის ეფ-ეს-ბეს ყოფილი თავმჯდომარე და მაშინ რატომ არავინ ამოიღო ხმა. ივანიშვილი აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო პროტესტის უკან “ნაციონალურ მოძრაობა” დგას, მათ მოახერხეს მთელი ამ ამბის აჟიტირება, რადგან არჩევნებით გამარჯვების იმედი არ აქვთ და ნებისმიერ საბაბს ეძებენ სიტუაცია ააყირაონ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პირადად მისთვის მიუღებელია ისიც, რომ აქციის დაშლიდან ერთი თვის შემდეგ აკეთებს მმართველი პარტიის ლიდერი შეფასებებს და ასევე ის, რომ გახარია მინისტრია, თუმცა ეს დაგვიანებული განცხადებაც და გახარიაზე გადაფარებაც, ივანიშვილისთვის პიარულად კარგი ნაბიჯია - ივანიშვილი დაელოდა დროს, როცა აქციის დუღილის დონე დაიწევდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ჟურნალისტებთან, ისიც ფრაგმენტული პასუხებით”, - დასძენს გამოცემა.

“ვხედავთ, რომ აქცია მილევად რეჟიმშია და ასეთი აქცია ჩვენთან გავლენას ვერ მოახდენს. სწორედ ამ ტალღის მილევას დაელოდა ივანიშვილი. თანაც, ივანიშვილმა პრესკონფერენციის გამართვით არ მიანიჭა ამ მოვლენებს სერიოზული დონე და მხოლოდ ფრაგმენტული განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები მიცვივდნენ. შესაბამისად, დააფიქსირა კიდეც, რომ მხოლოდ 200 კაცი იკრიბება აქციაზე, რომლის უკან “ნაცმოძრაობა” დგას და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს აქციას, ამდენად ეს ანგარიშგასაწევიც არ არის. ის, რომ აქციის “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირება ხდება, ეს თავად ოპოზიციის ბრალია, რადგან ყველა არხზე, მათ შორის “რუსთავი 2”-ზე, როცა აქციას აჩვენებენ, შემდეგ კომენტარებს აკეთებენ “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ლიდერები და აქციას ერთგვარ ფონად სწორედ პოლიტიკოსების განცხადებები გაჰყვება, რაც ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს და ეს ივანიშვილმა ამ განცხადებებში სათავისოდ გამოიყენა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გახარია ახლა რომ გადააყენონ, მთელი საზოგადოება და ოპოზიცია ამას “ოცნებას” სისუსტედ ჩაუთვლიან. ამ სიტუაციაში ხელისუფლება უკან ვერ იხევს და მისი გამართლება უნდა დაიწყოს, ამიტომ გვითხრა ივანიშვილმა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ ითხოვენ გახარიას გადაყენებასო, ეს ასეა, - საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ ობიექტურ გამოძიებას. საქმე ისაა, რომ ძიების დაწყება ჩვენთან და ძიების დაწყება დასავლეთში, სხვადასხვა შინაარსის მატარებელია: დასავლეთში გამოძიება სრულდება, ჩვენთან კი ძიებას ყოველთვის იწყებენ და არ ამთავრებენ. ამიტომ, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ჩვენთან ძიების დაწყება. მეც შევუერთდებოდი ამ მოთხოვნას, მაგრამ, ვიცი, რომ გახარიას მინისტრობისა და ჩვენი სასამართლოს პირობები ძიება და სამართალი ობიექტური არ იქნება. ამიტომ, ამას ეჭიდება ივანიშვილი, როცა ამბობს, რომ დასავლეთი არ ითხოვს გახარიას გადაყენებას. ასე იყო ადრეც, არც მერაბიშვილის გადაყენებას ითხოვდნენ დასავლეთში, მაშინაც ძიების მოთხოვნა იყო და რაც ახლა ივანიშვილმა გვითხრა, კადრები ნახეს და გამოძიებას ითხოვენ მარტოო, ამას ამბობდნენ მერაბიშვილზეც 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, რომ დაშლის სქემა შეათანხმეს ამერიკელებთან და ყველაფერი იყოს სწორი”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“როცა ივანიშვილმა თქვა, რომ გავრილოვამდე სხვა რუსი დეპუტატებიც იყვნენ საქართველოში და რატომ არავინ აღშფოთდა მაშინ, ეს აბსოლუტურად არასწორი პარალელია, რადგან რუსი დეპუტატი ჩაჯდა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, პარლამენტის სპიკერის სავარძელში და ეს იყო სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატისგან. რუსულ ბაზართან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებას კი ვერავინ შეედავება, რადგან რუსულ ბაზარზე უარი არც წინა ხელისუფლებას უთქვამს საკუთარი ნებით, ყოველთვის რუსეთიდან იყო ბოიკოტი და არა პირიქით. ივანიშვილის მესიჯები იყო იმ სიტუაციიდან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა “ოცნება”, მაგრამ, რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე, ამას ვერ გეტყვით, თუ ამაში არ მიეხმარება ოპოზიცია. იმიტომ რომ, ოპოზიცია იმეორებს იგივე შეცდომებს, რასაც ჩადიოდა “ნაციონალების” დრონდელი ოპოზიცია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ - დაკავებები გაგრძელდება

“20-21 ივნისის აქციის დარბევიდან 27 დღე გავიდა და გამოძიების პროცესში ბრალდებულების თანაფარდობა უკვე ასეთია: 12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ. დაკავებები ისევ გაგრძელდება, ამას შს სამინისტროც აანონსებს, რომელიც აცხადებს, რომ უწყება აგრძელებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 12 მომიტინგე 2 პოლიციელის წინააღმდეგ - დაკავებები გაგრძელდება.

“ამ კვირას პროკურატურა და შს სამინისტრო ძალიან გააქტიურდა. შს სამინისტრომ ოთხშაბათს კიდევ სამი მომიტინგე მისცა სს პასუხისგებაში. ამდენად მომიტინგეებიდან ჯგუფური ძალადობის მუხლით უკვე 12 ბრალდებულია, მათგან 11 მომიტინგე პატიმრობაშია, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურით. ამ დარბევის მეორე მხარეს მდგომი პოლიციელებიდან კი პროკურატურას დაკავებული ჰყავს 2 სპეცრაზმელი მომიტინგეები ცემისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. პარალელურად არ წყდება 20 ივნისს დაწყებული პროტესტი, ისევ უცვლელი მოთხოვნით - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ოთხშაბათს, შუა დღისთვის შს სამინისტროში ამ კვირის უკვე მეორე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ 3 ახალი დაკავებული მომიტინგის შესახებ გააკეთა განცხადება. ჭელიძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაკავებულები არიან 45 წლის ც.ც., რომელიც ხელკეტს ურტყამდა სამართალდამცველებს. ასევე 25 წლის ს.ბ, რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და 30 წლის ლ.ჯ, რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს. გამოძიება სს კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს. ჭელიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ჭელიძის ბრიფინგის დასრულებისთანავე შს სამინისტროს შენობასთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით – “გვესროლეთ!” თეთრ ფორმებში ჩაცმულ აქტივისტებს ხელში ბანერები ეჭირათ, რომელზეც სამიზნე და დათხრილი, სისხლიანი თვალი იყო გამოსახული. ამ ფორმით გააპროტესტეს 20-21 ივნისის ღამის დარბევა და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დაშავებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობა შს მინისტრს აკისრებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მოქალაქეები სამიზნეები არიან, ამიტომ გახარიას გადადგომას ასეთი ფორმით ითხოვენ. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, თითქმის ერთი თვეა რუსთაველის გამზირზე, ყოველდღიურად აქცია “სირცხვილია” იმართება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ გახარია შს მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს. ამ პროტესტის და მოთხოვნის პარალელურად “ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ გახარია არ გადადგება. უფრო მეტიც, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მაგარი კაცია გახარია” და “გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით”. ივანიშვილის თქმით, გახარიამ მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო. იურისტ ლია მუხაშავრიას შეფასებით, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სრულიად არაადეკვატურია ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ - მხოლოდ 2 პოლიციელი ერთ მხარეს და მეორე მხარეს -11 მომიტინგე”, - დასძენს გამოცემა.

“ყველა ნიშანი გვეუბნება იმას, რომ გამოძიება არ არის ობიექტური. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ გახარია რჩება ადგილზე და მხარეები გვაჩვენებენ სხვადასხვა ვიდეო მასალებს. ყველა ეპიზოდი გასაშიფრია და როცა მომიტინგეების მხარეს უნდათ მოძალადეების დაკავება, მაშინ პოლიციელების მხარესაც ყველა უნდა მისცენ პასუხისგებაში, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და როცა ვნახეთ, რომ მანქანაში ჩასმისას ადამიანებს ურტყამდნენ. წესით, რამდენი მომიტინგეცაა დაჭრილი, იმდენი პოლიციელია დამნაშავე. ასევე, ვიცით, რომ 10 პოლიციელს შეუჩერეს უფლებამოსილება და გაუგებარია, ისინი პასუხისგებაში რატომ არ მიეცნენ? ან, როცა გვეუბნებიან, რომ ოპერატიულად ვმუშაობთო და 27 დღეა გასული და ოპერატიულობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია, მით უფრო როცა ასეთი მასობრივი მოვლენის მონაწილეა პოლიცია. ამასთან, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავინდებურად ამართლებენ პოლიციის ძალადობას, ეს არის ყველაზე უტყუარი ნიშანი, რომ ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას არც კი ცდილობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არც კი გამოუხატავს სინანული იმის გამო, რომ უდანაშაულო 18 წლის გოგომ დაკარგა თვალი, ახალგაზრდებმა დაკარგეს მხედველობა. ეს გოგონა ხომ ნამდვილად არ იყო მოძალადე დემონსტრანტი? გარდა ამისა, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არც ერთი დემონსტრანტი რომელიც შეიარაღებული იყო რაიმე იარაღით, გარდა შიშველი ხელებისა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი, უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა” , – განმარტავს იურისტი.

არჩილ გამზარდია – “ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”

ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი უცვლელია და არც ცდილობს გადახედვას. ის გამოჩნდა კმაყოფილი და გამარჯვებული, თავისი სიტყვა თქვა: სახელმწიფო ცხოვრობს კარგად, წინ მივდივართ, ხელისუფლება არის კარგი და მხოლოდ ოპოზიციაში პოულობს პრობლემას. ეს არის მისი მწყობრი შეხედულებები და საკუთარი ხელისუფლების პროპაგანდა. კარგი იქნებოდა ნაწილობრივი კრიტიკა მაინც ყოფილიყო მის განცხადებებში, მაგრამ იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს”, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს” – გამზარდია.

“თუმცა, ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირე; ივანიშვილი, ადრე თუ ჩნდებოდა კრიზისის დროს და მისი სიტყვა განმუხტავდა კრიზისს, ახლა ჩნდება, როცა კრიზისი გადაივლის, ანუ საზოგადოებაში მისი გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს. ის, რომ ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში მისი გუნდი ისევ უმრავლესობით მოვა და ისიც განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არის წინასაარჩევნო და თავის ამომრჩეველზე ორიენტირებული რიტორიკა, ხელოვნური იმედების შექმნა საზოგადოებაში. ხოლო ივანიშვილის განცხადება, რომ არ ითანამშრომლებს “ნაცმოძრაობასთან”, ცოტა სასაცილოა - როგორ შეიძლება არ თანამშრომლობდე, როცა ყველა მანკიერება აიღო, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის სისტემაში იყო. ეს იყო მესიჯი, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა, გათვლილი “ოცნების” ძველ ამომრჩეველზე და აქტივისტებზე, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონს და ელოდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია და შეკითხვაზე – “მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ მიესალმება ახალგაზრდა ბიზნესმენების გამოჩენას პოლიტიკაში, ანუ მათ შორის უთანხმოება ამოწურულია?” – პასუხობს:

“პირველი განცხადებები არის ყოველთვის შეფარული. ალბათ, გახსოვთ სააკაშვილის თავშეკავებული განცხადება, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა. ეს დიპლომატიისა და ეტიკეტის ანბანია. ივანიშვილმა თქვა, მე ვარ თავდაჯერებული, რა პრობლემაა ჩემთვის კონკურენტის შემოსვლა პოლიტიკაშიო... რაც შეეხება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ახლო მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეფასება მიჭირს, მე უფრო ვაცნობიერებ იმას, რომ მედიაგარემოში, რომელიც დღეს გვაქვს, მნიშვნელოვანია “რუსთავი 2-ის” როლი, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო გააცნობიერებს რა მედიაგარემოც არის დღეს საქართველოში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ შეაჩერებს”.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს