აქციის მონაწილე ვალერიან გელაშვილი - რამდენჯერაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება, ორივე თვალი რომ დამთხარონ, მაინც მივალ და ჩემ გასაკეთებელს გავაკეთებ

რამდენჯერაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება, ორივე თვალი რომ დამთხარონ, მაინც მივალ და მაინც გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს. ამის მერე გინდათ გამასამართლეთ, გინდა სამუდამოდ გამომკეტეთ ციხეში, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ციხეში გამოკეტეთ ადამიანი, რომელსაც კეთილი სურვილები და კეთილი განზრახვები ამოძრავებდა, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილემ, ვალერიან გელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურორმა სასამართლო პროცესზე რამდენიმე ტყუილი გააჟღერა. გელაშვილმა მოსამართლესთან 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განმარტა, რომ პარლამენტთან მოქალაქეების დასახმარებლად მივიდა.

"ავხსნი ვითარებას რა ვითარებაში ვიყავი პარლამენტის წინ და გავამახვილებ ყურადღებას იმ უამრავ ტყუილზე, რომელზეც პროკურორმა ისაუბრა. უკრაინაში 2003 წელს ვარ ერთხელ ნამყოფი და 2 საათით ვარ თურქეთში 2016 წელს ტანსაცმლის საყიდლად წასული. თბილისიდან წასვლა თუ უცხოეთში წასვლაა, არ ვიცი. იმის მერე საზღვარი არ გადამიკვეთავს. და მყავს ემიგრანტი, რომელიც ათწლეულებია იტალიაში ცხოვრობს და არასდროს მქონია საშუალება წავსულიყავი", - განაცხადა გელაშვილმა.

ის ასევე გამორიცხავს მისი მხრიდან ვინმეზე ძალადობის ფაქტს.

"იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ვინმეზე ფიზიკურად ვიძალადე, ვინაიდან ტელეფონი ხელში უწყვეტად მეკავა. გავაპროტესტე კომუნისტი ადამიანი პარალმენტში. სადღაც 11 საათზე ვარკეთილში, ბინაში ვიმყოფებოდი. კომპიუტერი როცა ჩავრთე, ვნახე რაც პარლამენტის ტერიტორიაზე ხდებოდა. ბატონო მოსამართლე, 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა დარბევა ხდებოდა, ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, როცა ვნახე ტელევიზორში სახელმწიფო ჩინოვნოკები თუ პოლიცია ძალას ამეტებდნენ, წავედი და ჩემი მოაქლქეობრივი ვალი მოვიხადე, მოქალაქეებს მივეხმარე, ზოგი ეკლესიას შევაფარე, ზოგი წამოვიყვანე, ვამაყობ რომ იქ ვიდექი. ასევე დავეხმარე 26 მაისსაც მოქალაქეებს. არავითარი იარაღი ხელში არ მჭერია, არანაირი კონტაქტი არ მქონია არავისთან, ჩანთაში ასახვევი ბინტი და წყალი მედო, ვიცოდი, რომ იქ ვინმე დაზარალებული იქნებოდა და დავეხმარებოდი. ეს მიზანი მამოძრავებდა, როცა რუსთაველზე გავედი. არასად შეჭრას არ ვაპირებდი, იმ ბავშვებმა, რომლებმაც საქართველოს დემოკრატიაში დიდი ნაბიჯი გადადგეს, ვამაყობ, რომ მათ ვედექი გვერდში. ძალიან დიდი მადლობა იმ სამართალდამცავებს, რომლებმაც ფარები თვითონ გადმოგვაწოდეს, რომ თვალები არ დაგვთხროდა, როცა სამართალდამცავები ზემოდან ტყვიებს გვესროდნენ. დაახლოებით, 10 მეტრი რომ გადავდგი და პოლიციელებს მოვშორდი, ტყვია შუბლში მომხვდა, სასწრაფოსთან გადამიხვიეს, მერე ისევ ჩავრთე ლაივი. პირდაპირ ნადირობდნენ ახალგაზრდებზე. შემაღლებული ტერიტორიებიდან დაგვიშინეს ტყვიები. ერთადერთი ტყვიისგან დასაცავი ადგილი პოლიციელებთან სიახლოვე იყო. რამდენჯერაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება, ორივე თვალი რომ დამთხარონ, მაინც მივალ და მაინც გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს. ამის მერე გინდათ გამასამართლეთ, გინდა სამუდამოდ გამომკეტეთ ციხეში, მაგრამ გეცოდინებათ, რომ ციხეში გამოკეტეთ ადამიანი, რომელსაც კეთილი სურვილები და კეთილი განზრახვები ამოძრავებდა", - განაცხადა გელაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი აღნიშნულ საქმეზე სათათბიროდ გავიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო