გიგი უგულავა - იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც ივანიშვილი აკრიტიკებს, ყველა ტელევიზია პროსახელისუფლებო იყო, იმ ხელისუფლებამ მარცხით დაასრულა

არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც სულ აკრიტიკებს ივანიშვილი, ყველა ტელევიზია პროსახელისუფლებო იყო, მაგრამ იმ ხელისუფლებამ მარცხით დაასრულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, სამართლებრივი ძალადობა იქნება თუკი დიდი პალატის საკითხის გადაწყვეტამდე არსებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება.

"ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ივანიშვილმა გამოაცხადა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან გრძელდება. მას ყელზე ედგა „რუსთავი 2“ აქამდე და ასეც დარჩება. ჯერ ბრძოლა არ არის დასრულებული, მეტიც გადამწყვეტ ფაზაში შედის, იურიდიული თვალსაზრისითაც ისევე როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით. გასაგებია, რომ ოდნავ გამოცოცხლდება „ქართული ოცნება“, რომელიც პრაქტიკულად „ნოკდაუნის“ მდგომარეობაში იყო 20 ივნისის შემდეგ და ეს მხოლოდ მათ უტიფრობაზე მეტყველებს. ასევე მე მინდა შევახსენო, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც სულ აკრიტიკებს ივანიშვილი, ყველა ტელევიზია პროსახელისუფლებო იყო, მაგრამ იმ ხელისუფლებამ მარცხით დაასრულა. ტელევიზიების მონოპოლიზაცია არის არასწორი და ვისაც ისტორიული პარალელები უყვარს, მოვიყვან ამ პარალელებს. 20 ივნისი თუ შედარდება 7 ნოემბერს, ის რასაც დღეს ძალადობრივად, ქიბარ ხალვაშის ხელით აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რადგან სამართლებრივი ძალადობაა ვიდრე დიდი პალატის საკითხი არ გაირკვევა, გადაფორმება მოხდეს. არანაირი განსხვავება არ იქნება ეს მოხდება ხელკეტით, თუ სალიას ხელით, ეს არის ძალადობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით. რაც არ უნდა მონოპოლიზაცია მოხდეს ტელევიზიების, ინფორმაცია მაინც გავრცელდება და გავრცელდება ყველა ის უკანონობა, რომელსაც ჩაიდენს ეს ხელისუფლება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, თუ არ იქნება „რუსთავი 2“ ყველა ტელევიზია დაზარალდება.

„თუ არ იქნება „რუსთავი 2“, რომელიც მოგვწონს თუ არა განსაზღვრავდა მედიის დღის წესრიგს, დიდი პატივისცემის მიუხედავად, თქვენი სარედაქციო პოლიტიკაც არსებითად დაკორექტირდება ცუდი მიმართულებით. დაზარალდება ყველა ტელევიზია", - აღნიშნა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა