ანრი ოხანაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე - თუ  ვინმე ხელს შეუშლის აღსრულებას, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აკისრია ყველა საჯარო მოხელეს, თუკი ვინმე არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის აღსრულებას, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარე ვალდებულია, პატივი სცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეასრულოს ის პირნათლად.

"ჩვენ პირნათლად შევასრულეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2017 წლის მარტში, როდესაც გამოიყენა შეჩერების მექანიზმი და თქვა, რომ ვიდრე ახალი შეტყობინება არ იქნება გამოგზავნილი სასამართლოს მიერ, მანამდე არ შეიძლება წილის გადაფორმება კანონიერი მესაკუთრისთვის, როგორც ეს დადგინდა ქართული მართლმსაჯულების მიერ. დაველოდეთ და დღეს იყო გამოტანილი გადაწყვეტილება, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. ეს ნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში გამოტანილი გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, რომ დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები, მოხდეს კანონიერი მფლობელის განსაზღვრა, მას უფლება აქვს, მიანდოს მისი ნდობით აღჭურვილ პირს საკუთრების განკარგვის უფლება და დანიშნოს გენერალური დირექტორი.

მხარეს 3 თვის ვადაში გასაჩივრება შეუძლია, თუმცა ეს არის არსებითი საკითხების ირგვლივ განხილვა და დროებითი აღსრულების მექანიზმი ცალკე საკითხია. ანუ, იდავეს, რომ შესაძლოა, დარღვეული ყოფილიყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის უფლება და საკუთრების უფლება. სტრასბურგმა თქვა, რომ საკუთრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არ არის განხილვის ლეგიტიმური საფუძველი, მან იმსჯელა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და დაადგინა, რომ ის არ დარღვეულა. ქართულმა სასამართლომ პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში გადაწყვეტილება გამოიტანა კანონიერად, დასაბუთებულად, ობიექტურად და სამართლიანად. სტრასბურგმა ჩაწერა, რომ არანაირი რისკი და საფრთხე დროებითი შეჩერების მექანიზმის არსებობის არ არსებობს, ეს არის სამართლებრივი მოცემულობა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აკისრია ყველა საჯარო მოხელეს, თუკი რომელიმე პირი არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის აღსრულებას, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მანვე უპასუხა შეკითხვას ნიკა გვარამიას შეფასებაზე, რომ ეს ტელევიზიის წართმევის მცდელობაა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ჩაიდენდა სამოხელეო დანაშაულს, თუკი ქიბარ ხალვაშზე უმოკლეს, "რუსთავი 2"-ის მიერ გასაჩივრების ვადებში, დაარეგისტრირებდა ქონებას.

"მე ნიკა გვარამიას აბსოლუტურად არასამართლებრივ, გაუაზრებელ, თუ გააზრებულ და შეგნებულად დამახინჯებულ, არაადეკვატურ განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ, რადგან ადამიანი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, მედია პლურალიზმზე და სიტყვის თავისუფლებაზე და არ ითვალისწინებს და არაფრად მიაჩნია სწორედ ამ ღირებულებების დამცველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მის განცხადებაზე დამატებითი კომენტარის გაკეთების საჭიროებას ვერ ვხედავ", - განაცხადა დეპუტატმა.

მანვე ისაუბრა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გუნდის მონაპოვარია მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, რომელსაც "ქართული ოცნება" ყოველთვის დაიცავს.

"ჩვენ ვიცავთ მას, დავიცავთ ყოველთვის და ვუზრუნველვყოფთ, რომ როგორც ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ტელევიზიების დახურვა, შტურმი ჟურნალისტებზე და ა.შ. არასდროს განხორციელდება. კერძო მესაკუთრე რა სახის მენეჯერულ გადაწყვეტილებებს განახორციელებს, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს საქართველოში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა