საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, 13-19 ივლისს, ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა იყო „მოქალაქეთა გაძლიერება, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა“. HLPF-ის ფარგლებში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით 47-მა ქვეყანამ ეროვნული ანგარიში წარადგინა.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მინისტერიალის დონეზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოხსენებით წარსდგა და ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.

მათივე ცნობით, მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ანგარიშვალდებული და კორუფციისგან თავისუფალი მმართველობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (მშპ-ის 6% წილი), ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.

„გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა თემატურ სესიებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, სადაც მონაწილე ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა SDGs-ის განხორციელების კუთხით სხვადასხვა საკითხის შესახებ.

ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში მთავრობის ადმინისტრაცია უწევს კოორდინაციას“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს