ქართული პრესის მიმოხილვა 19.07.2019

"რუსთავი 2“-ის საქმე - გვარამია გადაყენებულია, ხელისუფლება ზეიმობს, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არხი "ოცნებას“ ჩაბარდა

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინ ზელენსკის პარტია დიდი სხვაობით ლიდერობს

***

"რუსთავი 2“-ის საქმე - გვარამია გადაყენებულია, ხელისუფლება ზეიმობს, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არხი "ოცნებას“ ჩაბარდა

"რუსთავი 2"-ის გამო დიდი ბრძოლა იწყება. სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროცესები ელვის სისწრაფით განვითარდა - სულ რაღაც რამდენიმე საათში საჯარო რეესტრში შეიცვალა არხის მფლობელიც და გენერალური დირექტორიც. გვარამია გადააყენეს და მის ნაცვლად დაინიშნა ადვოკატი პაატა სალია, რომელიც იმავე ღამეს მივიდა ტელევიზიაში, სადაც ჟურნალისტებმა განუცხადეს, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ამ სიჩქარემ კიდევ უფრო გაამტკიცა ის აზრი, რომ „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლა ხელისუფლების ინტერესშია და ეს თავად მმართველი პარტიის წევრების განცხადებებიდანაც ჩანს. „ოცნების" გუნდი ზეიმობს. აცხადებენ, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ გაიმარჯვა. საზოგადოების ერთ ნაწილიც თვლის, რომ არხი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და სამართლიანობა აღდგა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რუსთავი 2“-ის საქმე - გვარამია გადაყენებულია, ხელისუფლება ზეიმობს, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არხი "ოცნებას“ ჩაბარდა

"საპირისპირო შეფასებები ისმის ოპოზიციაში, თავად ტელევიზიაში და ანალიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილშიც, სადაც კეთდება განცხადებები, რომ „რუსთავი 2" ხელისუფლებამ წაიღო, რომ მფლობელის ცვლილება ნიშნავს, რომ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა, ეს სურათი საქართველოში უკვე ბევრჯერ გვინახავს და ასე ნელ-ნელა უარესდება მედია გარემო. ასევე კეთდება განცხადებებიც, რომ „რუსთავი 2" უნდა დაიცვან და ამ დამოუკიდებელი და კრიტიკული არხის ხელისუფლებისთვის დათმობა არ შეიძლება. ტელეკომპანიის მთელი გუნდი აცხადებს, რომ ხალვაშთან თანამშრომლობას არ აპირებენ და მათთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია არის ნიკა გვარამია, რომელიც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით უკვე გენდირექტორი არ არის. იურისტები აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს არაერთი საქმეზე გამოუტანია გადაწყვეტილება და დაუვალებია ხელისუფლებისთვის მისი აღსრულება, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ასე ერთ დღეს, ფორსირებულად, რაღაც საათებში მომხდარიყოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დიდი ხმაური დილიდან დაიწყო, როცა სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2"-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება - უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. შემდეგ ქიბარ ხალვაშმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ერთადერთი, ის ათავისუფლებს ნიკა გვარამიას, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და ჟურნალისტების გათავისუფლებას კი არ გეგმავს”, - განაგრძობს გამოცემა.

"მან მიმართა საჯარო რეესტრს, რის შედეგადაც ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტორად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამას მოჰყვა განცხადებები „რუსთავი 2"-ში. საინფორმაციო და პოლიტიკური, გასართობ-შემეცნებითი და მუსიკალური პროგრამების თანამშრომლებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ნიკა გვარამიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათი თქმით, გვარამია არის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი. საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების წარმომადგენელთა თქმით, მთავარ საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისა და "საბოლოო ჯამში, მთლიანად ქვეყნისთვის" ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს. „მიგვაჩნია, რომ ხალვაში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2″-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა", - ნათქვამია განცხადებაში”, - დასძენს გამოცემა.

"რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ჯერ არ არის ძალაში შესული. „ჩვენ გვაქვს სამი თვე, სამი თვის შემდეგ შეიძლება საერთოდ შემოტრიალდეს სურათი" - ამბობს მურადაშვილი. გარდა ამისა, მისი თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას „უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს", რადგან კონტრაქტის მიხედვით ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ხალვაშს გვარამიასთვის ჯარიმის სახით 5 მილიონის გადახდა მოუწევს. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გამო იდავებს და 5 მილიონიან კომპენსაციას, რომელსაც სამომავლო სასამართლო დავის შემდეგ მოიგებს, ახალი ტელევიზიის დაფუძნებისთვის გამოიყენებს. გვარამია ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ტელეარხის, მისი სარედაქციო პოლიტიკისა და თანამშრომლების დასაცავად. „სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას: ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ და იმედი მაქვს, ამ ომში მარტო არ ვიქნებით", - თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ არ მისცემს ბიძინა ივანიშვილისთვის უფლებას, "გასრისოს ერთ დღეში ყველაფერი". განცხადებები გააკეთა ხალვაშის ადვოკატმა და უკვე არხის გენდირექტორმა პაატა სალიამ. მან თქვა, რომ „რუსთავი 2"-ს "დიდი ოთხეულიდან" მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. სალია საღამოს 8 საათზე ტელევიზიაში მივიდა, სადაც ძალიან კრიტიკულად დახვდნენ. მას მწვავე საუბარი ჰქონდა ჯერ ნიკა გვარამიასთან, შემდეგ - ჟურნალისტებთან. გვარამიამ განაცხადა, რომ კოლაბორაციონისტებთან არ ითანამშრომლებს. რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა კი სალიასგან საგარანტიო კონტრაქტების გაფორმება მოსთხოვეს. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშის ზეპირ სიტყვას არ ენდობიან, რადგან მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდათ. მისი თქმით, წლების წინ ქიბარ ხალვაში არხის წამყვან სახეებს ხელშეუხებლობას დაჰპირდა, თუმცა რეპრესიების გამო იძულებული გახდნენ, რომ არხი დაეტოვებინათ. „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები სალიას სთავაზობენ არხის წამყვან სახესთან, რომლებიც ხელისუფლებისთვის უსიამოვნო კონტენტს ქმნიან, დაიდოს კონტრაქტი, რომ 2 წლის განმავლობაში მათ არავინ შეეხება. სალიას თქმით, მან უნდა გაარკვიოს, როგორი კონტრაქტები აქვთ თანამშრომლებს და შეთავაზებაზე შემდეგ იმსჯელოს“, - წერს გამოცემა.

"შეფასებები გაკეთდა პოლიტიკოსებშიც, „ოცნებაში" - საზეიმო, ოპოზიციაში - ძირითადად საბრძოლო. „დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი,"- განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და „ოცნების" ყველა სხვა წევრის განცხადებას სწორედ ამ პათოსის იყო. შეფასება გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა აღიარა. „ნაცმოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ეჭვი არ შეაქვს ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებაში, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში შექმნილ რეალობას არ შეესაბამება. „ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება, ბრძოლა გრძელდება, რუსთავი 2-ს არავის არ დავანებებთ"- განაცხადა ვაშაძემ. სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია "აღიარებითი ჩვენებაა, რომ არანაირი კერძო დავა ეს არ იყო. დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ ებრძოდა რუსთავი 2-ს". რომან გოცირიძის თქმით, „რუსთავი 2"-ის ადგილას მორიგი „ბიძინვიზია" გაჩნდება. „აქ უნდათ შექმნან რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია, ქიბარი არის :ახევის" პროგრამა,"- განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ. „დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია და მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი!" - დაწერა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ფეისბუქში". „რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოვლენებს დააჩქარებს, ეს მისთვისვე იქნება საზიანო და ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაელოდოს გასაჩივრების ვადას, სანამ პროცედურები სრულად არ მორჩება. განცხადება გაავრცელეს „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ. „ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს,"- ნათქვამია აქიმიძე-დვალის განცხადებაში. „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოში პარასკევს დილის 11 საათზე სარჩელი შეაქვს ირაკლი ოქრუაშვილსაც. არხის მფლობელობაზე პრეტენზია მასაც აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინ ზელენსკის პარტია დიდი სხვაობით ლიდერობს

"კვირას უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელსაც დიდი ალბათობით ისევ ვლადიმერ ზელენსკის ახლადშექმნილი პარტია „ხალხის მსახური" მოიგებს. ბოლო გამოკითხვებით, „ხალხის მსახურს" ამომრჩევლის დაახლოებით 38% უჭერს მხარს და ამ კუთხით ის უპირობო ლიდერია. მეორე ადგილზე 11%-ით პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმაა", ხოლო მესამე ადგილს ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია იკავებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინ ზელენსკის პარტია დიდი სხვაობით ლიდერობს

"როგორც უკრაინელი და დასავლელი მიმომხილველები აცხადებენ, კორუფციის არნახული მასშტაბებითა და უკიდურესად დაბალი ცხოვრების დონით შეწუხებული უკრაინელები მხარს ისევ ზელენსკის პარტიას დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ პარტიის დასახელება "ხალხის მსახური" მოდის ფილმიდან, სადაც კომიკოსი ზელენსკი მთავარ როლს თამაშობს. ამ ფილმში ზელენსკის გმირი არის ისტორიის ძალიან მიამიტი, თუმცა კეთილი მასწავლებელი, რომელიც შემთხვევით ხდება უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის საარჩევნო კამპანია, ისე როგორც მისი პირველი ნაბიჯები პრეზიდენტობის შემდეგ, ამ ფილმის მთავარი გმირის ნაბიჯებს წააგავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუმცა ხალხი მაინც ელოდება გადამწყვეტ ზომებს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით და ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ. აღსანიშნავია, რომ ის კითხვები, რომელიც ზელენსკის მიმართ არსებობდა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან დაკავშირებით, ისევ ძალაში რჩება. კოლომოისკი ცდილობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკი, პრივატბანკი დაიბრუნოს, რომლის ნაციონალიზაცია 2016 წელს პოროშენკოს მთავრობის მიერ მოხდა. არსებობს ეჭვი, რომ კოლომოისკი, რომელიც, ბევრის აზრით, რეალურად ზელენსკის უკან დგას, ახალი პრეზიდენტის საშუალებით ბანკის დაბრუნებას შეეცდება. თუ ასე მოხდა, როგორც ბევრი დასავლელი ეკონომისტი ამბობს, საერთაშორისო ინვესტორების დიდი ნაწილი უკრაინას ფინანსურ დახმარებას ან შეუმცირებს ანდა საერთოდ გააუქმებს. ასე რომ, კოლომოისკისთან ურთიერთობა, ბევრის აზრით, იქნება პირველი დიდი და სერიოზული გამოცდა უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტისათვის”, - განაგრძობს გამოცემა.

"უკრაინას ახლახანს რუსეთმა კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა; გაიმეორა ის ნაბიჯი, რასაც საქართველოში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში 2000-იანების დასაწყისიდან აკეთებდა. კერძოდ, ვლადიმირ პუტინმა ორი დღის უკან ხელმოწერილი ბრძანებით მწვანე შუქი აუნთო დონბასის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას. ეს პირველად საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩატარდა, რასაც მაშინ „პასპორტიზაცია" ეწოდა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა