ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის მიმართ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

სახელმწიფო ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა.

სწორედ, ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობენ დაკავებული ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

როგორც მუკბანიანი აღნიშნავს, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდოს.

"როგორც ამ ბრალდებულის, ისე სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სხვა შემთხვევებში გაითვალისწინა სასამართლომ, ანუ არსებობდა ფაქტობრივი საფუძვლები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მთავარი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერი და ექსპერტიზის - დასკვნა, საიდანაც დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობა და თავდასხმა მათზე, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა დღეს სასამართლოს წინაშე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ახდენს გავლენას აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არის დამაკმაყოფილებელი, რაიმე გართულებებს ადგილი არ აქვს, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, ვითხოვთ პატიმრობას”,- განაცხადა მუკბანიანმა.

გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა