IRI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 52 %-ის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 52 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება.

ამასთან, გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამჟამადაც გრძელდება (ეს მონაცემი 2014 წლის თებერვალშიც იგივე იყო) და მოსახლეობის უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა, პესიმისტურია საქართველოს მოსახლეობის მიერ მთავრობის მუშაობის შეფასებაც. გამოკითხულთა 26 პროცენტს უჭირს მთავრობის მიღწევის დასახელება, 35 პროცენტის აზრით კი, მთავრობას მიღწევა არ ჰქონია. აღსანიშნავია, რესპონდენტთა 15 პროცენტი ჯანდაცვის რეფორმას მთავრობის მთავარ წარმატებად ხედავს. გამოკითხულთა მიერ სპონტანურად დასახელებული ვერც ერთი სხვა მიღწევა ჯამში 4 პროცენტს ვერ აჭარბებს და მათ შორის ვერ ხვდება უმუშევრობის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა. წარმომადგენლობითი შერჩევის მეთოდზე დაყრდნობით, გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/-2.5 პროცენტია.

იხილეთ ვიდეო: IRI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 52 %-ის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს