პატიმართა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შესაძლოა, აღარ შეიქმნას

პატიმართა შეწყალების საქმეებთან დაკავშირებული კომისია იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შესაძლოა, აღარ შეიქმნას. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მიზეზად ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო გაჩენა სახელდება, თუმცა ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს. 6 მარტს, პარლამენტში პირველი მოხსენებით გამოსვლისას კი, სალომე ზურაბიშვილმა კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაზე ისაუბრა.

ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა და ამჟამად მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კოდექსში ჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ხორციელდება. შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონში დაგეგმილი სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შექმნილიყო სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შემდგომში პრეზიდენტის ბრძანებულებით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სპეციალური საკონსულტაციო ორგანო ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეებზე დასკვნებს დაწერდა და რეკომენდაციების სახით მას პრეზიდენტს მიაწვდიდა.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, რადგან როგორც ითქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, ასეთი სათათბირო ორგანოს იუსტიციის სამინისტროში შექმნა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე უარი ითქვას და შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანის იდეა დღის წესრიგიდან მოიხსნას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ საკითხი დამუშავების ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, ჯერჯერობით მეორე მოსმენით განსახილველია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი პროცედურა ჯერ არ გვაქვს. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუ რა ფორმას მიიღებული ეს სტუქტურული ერთეული, რომელმაც შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილოს. ვართ დამუშავების ეტაპზე და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, ამას საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო