20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატის, ცოტნე ტყებუჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 ივნისს, ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო დაჭრილი. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ტყებუჩავას თქმით, ცოტნიაშვილი გენერალურ პროკურატურაში როგორც დაზარალებული, ასე იყო დაბარებული.
ამასთან, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარე კი გირაოსთან ერთად შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს.
სოსო ბაჯელიძის ადვოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატმაც და განმარტა, რომ მისი დაკავება არ შეიძლება, ვინაიდან საქმეში დაზარალებულია. ტყებუჩავამ გირაოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.