ადვოკატი - გოგა ონიანის  სარჩელი, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლების უარს ეხებოდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

მსჯავრდებული ადვოკატის გოგა ონიანის ადმინისტრაციული სარჩელი, რომელიც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს უარს ეხებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ონიანის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლომ გააუქმა ის აქტი, რომლითაც ონიანს უარი ეთქვა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე და სასამართლომ შესაბამის საბჭოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა ონიანის მონაწილეობით.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და დაავალა პენიტენციური დაწესებულების შესაბამის საბჭოს, რომ ზეპირი მოსმენით მოხდეს გიორგი ონიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, რამდენადაც მთელი რიგი გარემოებები საბჭომ არ გამოიკვლია, ან გამოიკვლია და არასწორი შეფასება მისცა, რის საფუძველზეც გიორგი ონიანს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

ჩვენ ასევე ვაყენებდით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნას, რამდენადაც, ფაქტია, რომ ონიანის მიმართ არსებულ პირობებში, მიიღება ონიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მაშინ, როცა იდენტურ და უფრო მძიმე პირობებში პირთა გათავისუფლების შესახებ მიიღება დადებითი გადაწყვეტილებები. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად ვაპირებთ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დავას. ადრეც მოვიგეთ მსგავსი ტიპის სარჩელი შინაპატიმრობასთან დაკავშირებით, უბრალოდ, შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისას იმდენი დროით აჭიანურებენ და სხდომებს არ ნიშნავენ, რომ ონიანის გათავისუფლების ვადა ბუნებრივად მოდის ოქტომბრის ბოლოს. მანამდე სასამართლო განხილვები ორ ინსტანციაში ფიზიკურად არ სრულდება და შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილები ფაქტობრივად აღუსრულებელი რჩება“, - აცხადებს ბასიალაია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ონიანს ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, ონიანს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა. ის პენიტენციურ დაწესებულებას ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა