კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე - მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი

ხელისუფლების ინტერესი არის მედიაპლურალიზმი; ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ოპოზიციური ლიდერების განცხადებაზე, რომ ქიბარ ხალვაშის უკან რეალურად ბიძინა ივანიშვილი დგას, კალაძემ აღნიშნა: „მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი“.

„გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლა. პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოსაზრებებს, რომ შესაძლოა, შეიცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და ეს არის ხელისუფლების ინტერესი, კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინტერესი არის მედიაპლურალიზმი.

„ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა; სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება 2012 წლიდან ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული, არც არის და არც მომავალში იქნება. ვერავინ გაბედავს იმას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. დავებში შესვლა გამიჭირდება იმიტომ, რომ არ ვიცნობ თემას. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და შეუძლიათ მიმართონ“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს