პაატა სალია არასამთავრობო სექტორის ნაწილის მოსაზრებას არ ეთანხმება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არასამთავრობო სექტორის ნაწილის მოსაზრებას არ ეთანხმება, რომ „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრვი საბჭოს შექმნა ერთგვარი ტესტი იქნება ახალი გენერალური დირექტორისთვის.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებაზე, რომ საბჭოს შექმნით საზოგადოებაც დაინახავს რამდენად გულწრფელია სალიას განცხადებები სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, არხის ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეს საკითხი არასწორად არის დაყენებული.

„არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, რამდენად არის ტესტი, თუ არ არის ტესტი, საკითხი არასწორად არის დაყენებული. მიმაჩნია, რომ საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება და როგორ მოხდება არხზე, ამაზე ჯერ ჟურნალისტებს უნდა ვესაუბრო, მათთან შევათანხმო პოზიცია და შემდეგ ვესაუბრო გნებვათ მესამე სექტორს და გნებავთ არხის სხვა წარმომადგენლებს. ეს არის არხის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი. როცა გადავწყვეტთ და გვექნება შესაბამისი პასუხი, აუცილებლად შეგატყობინებთ“, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2" - ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში, პაატა სალია ხვალ, დაახლოებით 14:00 საათზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა