პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილის ყველა ქმედება დაკავშირებულია და მომდინარეობს ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანიდან

ივანიშვილის ყველა ქმედება დაკავშირებულია და მომდინარეობს ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანიდან და რაც დრო გადის, უფრო და უფრო სცდება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებსა და საღი გონების ლოგიკას. მხედველობაში მაქვს „გავრილოვის ღამე“, გახარიას გმირად წარმოჩენა, "რუსთავი 2-ის" ხალვაშისთვის ელვისებური სისწრაფით გადაფორმება და სხვა ქმედებები, - ამის შესახებ "პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების შენარჩუნების ყველა მანიპულაცია განწირულია.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ხელისუფლების შენარჩუნების ინსტინქტის ბიძინასეული მექანიზმი, რომელიც, ძირითადად, შიშზე და ადამიანური სისუსტეებით მანიპულირებაზეა დაფუძნებული. ცდილობს, ქვეყანაში არსებული რეალობა წარმოაჩინოს ისე, თითქოს მხოლოდ ის არის სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი, ხოლო ყველა სხვა მხოლოდ არეულობას და ძალმომრეობას უქადის ქვეყანას. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ცალკეული გავლენიანი პოლიტიკური ინდივიდების შეთანხმებულ მოქმედებას, ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გაჩენის გზით და ამისთვის იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორიცაა პოტენციურად ,,საფრთხის“ შემცველი ლიდერების იზოლაცია, მოსყიდვა, მორალური ტერორი და სხვა.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ის გრძნობს თავის სისუსტეს და ეშინია ჩვენი, რადგან ზუსტად იცის, რომ მას იცავს არა ხელისუფლება, არამედ ხელისუფლების პაროდია, რომელსაც თვითგადარჩენის ინსტინქტები მისი ჩარევის გარეშე საერთოდაც არ გააჩნია. ხელისუფლების შენარჩუნების ყველა მანიპულაცია განწირულია და ხალხთან წინააღმდეგობით დროის გაწელვა მხოლოდ ზამბარის ეფექტის მატარებელი იქნება მისთვის, რომელიც უფრო ეფექტურად და უფრო შორს გასტყორცნის პოლიტიკურ მოუსავლეთში“,-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას „პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა